როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქრისტიანი სოციალურ ქსელში?!

1 761

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ვირტუალურ სამყაროში გადაგვისროლა და ეს ვირტუალური იმდენად ხელშესახები და რეალური გახადა, რომ სოციალური ქსელი იქცა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

მე მიყვარს ეს ლურჯი სამყარო თავისი მწვანედ მოციმციმე ადამიანებით… შესაძლებლობებით, თანასწორობის პრინციპით, ღიაობით და საჯარო სივრცეზე წვდომით, ურთიერთობების სიმარტივით, სიტყვის თავისუფლებით, ინფორმაციულობით და ოპერატიულობით, თუმცა არსებობს საფრთხეები და საკითხები, რომლებზეც უნდა დავფიქრდეთ.

ჩემთვის, როგორც „ქრისტიანის ბლოგის“ ბლოგერისთვის, აქტუალურია კითხვა: როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქრისტიანი სოციალურ ქსელში და რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე? შესაძლოა გაგიკვირდეთ და გაგეღიმოთ კიდეც, მაგრამ ღვთის სტანდარტები უცვლელია და ის მკაფიოდ ლაპარაკობს ამაზე:

1) 2 კორინ. 3:2-3: „თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში დაწერილი, რომელსაც ცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი. თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან შექმნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღმერთის სულით, არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ ფიცრებზე.

ჩვენ ვხედავთ, რასაც პავლე სწერს კორინთოელ ქრისტიანებს, თუმცა ეს თითოეულ  ჩვენგანს დღესაც გვეხება. ჩვენ ვართ „წერილი“, რომელსაც კაცობრიობა კითხულობს, ჩვენ ვაჩვენებთ გარშემომყოფებს, თუ რა არის ქრისტიანობის არსი. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, რას ასახავს თქვენი პროფილი, გადახედეთ თქვენს ქრონიკას და იფიქრეთ ამ მუხლზე, არის კი თქვენი სოციალური აქტივობა წერილთან თანხმობაში?

2) კოლასელთა 4:5-6: „ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლით იყოს სავსე, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.“

რა შუაშია ეს მუხლი სოციალურ ქსელთან?  მე ბევრი დრო გამიფლანგავს უმიზნო „სქროლვაში“ და თუ სოციალური ქსელის მომხმარებელი ხართ, დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გქონიათ მსგავსი შემთხვევა. ეს ციტატა მკაფიოდ ამბობს, რომ დრო უქმად კი არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, რაც შეიძლება გონივრულად გამოვიყენოთ იგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ეს მუხლი ხაზს უსვამს, არის ის, თუ როგორ ვპასუხობთ სხვებს. არცთუ იშვიათად მინახავს კომენტარებში დაპირისპირებული ქრისტიანები, რომლებიც პირადულ შეურაცხყოფაზეც კი გადადიან ხოლმე. ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი სიტყვა-პასუხი „მარილით იყოს შეზავებული“, დაბალანსებული, გაწონასწორებული და ვიცოდეთ, ვის როგორ უნდა ვუპასუხოთ.

3) ეფესელთა 5:3-5: „ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდებს შეშვენით. ასევე არ შეგფერით ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა, არამედ, პირიქით, მადლიერება.“

ეს ადგილი ბიბლიიდან ცხადად ამბობს, რა არ შეშვენის ქრისტიანს და რას არ უნდა დაეთმოს თქვენი პირადი სივრცე სოციალურ ქსელში.

4) მათეს სახარება 18:15-17: „თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.“

ეს პრინციპები მოქმედებს ვირტუალურ სივრცეშიც. არ არის აუცილებელი, სამხილებელი პოსტი დაწერო ელვის სისწრაფით საკუთარ კედელზე, სადაც არ იტყვი, ვინაა „კოლმეურნეობის თავმჯდომარე“, მაგრამ ყველა მიხვდება. თუკი ფიქრობ, რომ მეგობრის პოსტი არაქრისტიანულად გამოიყურება და ლახავს მის და ეკლესიის იმიჯს, ნუ გააკეთებ ვრცელ სამხილებელ კომენტარს პოსტის ქვემოთ. პირველ ეტაპზე საკმარისია მისწერო პირადად, რადგან ხშირ შემთხვევაში მეგობრულ მიდგომას და ახსნას დადებითი შედეგები მოაქვს, ხოლო თუ არ გაიგონებს, შეგიძლია მიჰყვე მუხლის შემდგომ მითითებებს.

5) გამოსვლა 20:3: „არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემ გარდა.“

ერთი შეხედვით, ეს მუხლი ჩემს თემასთან უადგილოა, თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ პირიქით, მჭირდო კავშირშია მასთან. „სხვა ღმერთები“ არ არსებობენ, თუმცა ადამიანს შეუძლია თავად „შექმნას“ ისინი. ვინ არის შენთვის ღმერთი, ამას განსაზღვრავს ის, თუ ვინ არის შენი თაყვანისცემისა და მსახურების ობიექტი.

ზოგადად, რაც გვაინტერესებს, იმასვე ვამზეურებთ ჩვენს ფეისბუკ-კედელზეც, შეგიძლიათ გადახედოთ და თავად მიხვდებით, გყავთ თუ არა ობიექტი, ვისაც ან რასაც თაყვანს სცემთ და ემსახურებით. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ეს არის თქვენი ოჯახი, ბავშვები, საყვარელი საქმიანობა, მანქანა, მოტოციკლი, საკუთარი თავი და ბოლოს, თავად სოციალური ქსელიც კი, რადგან შესაძლოა, მას უთმობთ თქვენი დროის უდიდეს ნაწილს…

 

p.s. ძვირფასო მკითხველო, გახსოვდეს, რომ ყველგან და ყოველთვის თქვენ ხართ ის, ვინც ხართ და თუ ქრისტიანი ხართ, აჩვენეთ ეს ყველა იმ საშუალებით  და იმ სიტუაციაში,  რასაც ცხოვრება გთავაზობთ.

 

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი

Loading...