როცა გაიცნობ ღმერთს…

0 304

მხოლოდ ღმერთის სულის თანდასწრებაში ვხვდებით, რამხელა ძალა აქვს უფალს, როდესაც შენი შინაგანი კაცი იმსხვრევა ათას ნაწილაკად და უსისხლხორცდება ღმერთის სულს. სწორედ მაშინ ხდება მისი ნება შენი, სწორედ მაშინ კვდება ჩვენი ბუნება და ცოცხლდება ქრისტე, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ბორკილისგან.

მაშინ ხვდები, რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება და რამხელა ძალა აქვს სამყაროს შემოქმედს;

სწორედ მაშინ გარდაიქმნება ჩვენი მშრალი ლოცვები ცეცხლის მატარებელ გზავნილებად;

მაშინ გადაიქცევა ჩვენი ფუჭი ლაპარაკი სიცოცხლის მიმნიჭებელ წყაროდ;

სწორედ მაშინ გარდაიქმნება ჩვენი ნებისმიერი ქმედება ღვთის სადიდებელ მოქმედებად; შენ მიხვდები, რომ ღმერთი შეუძლებელი შესაძლებლობების ღმერთია; მიხვდები, რომ მას არაფერი დაემალება და რომ მან ისიც კი იცის, თავზე რამდენი ღერი თმა გაქვს; მიხვდები მისი წყალობის სიდიადეს, მისი სულის სიძლიერეს; მიხვდები, რომ მის წინაშე არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. შენ ამას მიხვდები, ამით აივსები, ამით დაიმუხტები და… შენ იტყვი სიტყვას და ხალხი გათავისუფლდება, ილოცებ და ღმერთი დაიწყებს ცვლილებების მოხდენას; შენი ნებისმიერი მოქმედება იქნება ღვთიური სიხარულით სავსე.

პრობლემები შეგექმნება? სიხარულით იქნები სავსე; გაგიჭირდება? კვლავ სიხარული იქნება შენს გულში; ამ სიხარულს ატარებ მთელი შენი შინაგანით, რადგან შენი თითოეული ნამსხვრევი იქნება სამყაროს შემოქმედი უზენაესი ღმერთის სულით ავსებული. შენი თითოეული ნაწილაკი გაანათებს მთელი ბრწყინვალებით; მიიტან სინათლეს იქ, სადაც ბნელა; მიიტან სიხარულს იქ, სადაც ტკივილია; მიიტან იმედს იქ, სადაც უიმედობაა და ხალხი იტყვის, რომ შენ ჩვეულებრივი არ ხარ, რაღაც სხვანაირი ხარ და დაიწყებენ ფიქრს, თუ რატომ ხარ ასეთი; შენ კი გეცოდინება ამის მიზეზი; გეცოდინება, რომ ყველაფერი ფუჭია ღმერთის სულის გარეშე; გეცოდინება, რომ შენი თითოეული ნამსხვრევი ღვთის სულითაა სავსე და შენ კი აღარ ცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს შენში.

შენ ეს გეცოდინება, შენ ამას იგრძნობ, ამით იცხოვრებ, ამით ისუნთქებ და ამით იცოცხლებ, ეს შენ აღარ იქნები, არამედ ქრისტე იქნება შენში.

და ასე გაგრძელდება, თუ ყოველდღიურად მოუკვდები საკუთარ თავს, თუ დარჩები უფლის თანდასწრებაში, თუ მოუსმენ მას, თუ გაიღვიძებ და დაიძინებ იმ ფიქრით, რომ მასზე ძვირფასი, მასზე ერთგული, მასზე მოსიყვარულე არავინაა; თუ გაიჟღინთები მისი სიტყვით ყოველდღიურად, მისი სულით – ყოველი გაღვიძებისას; თუ გექნება მისი იმედი და გეცოდინება, რომ მის გარეშე არავინ ვართ; თუ გეცოდინება, რომ შენი „მტკიცე ბუნება“ უფრო სუსტია, ვიდრე შენი თითოეული ნამსხვრევი, რომელიც ღმერთის სულითაა გაჟღენთილი და მისი სისხლითაა განწმენდილი.

და ეს ყველაფერი შენშია, ეს ყველაფერი შენი საკუთრებაა; თუ შენ იქნები ღმერთის საკუთრება და მის თანდასწრებაში ივლი, მის სულში, მის სიტყვაში, მის სიყვარულში ივლი, ეს ყველაფერი შენი საკუთრება იქნება…

ეს შენ ხარ, რომელიც მკვდარია საკუთარი თავისთვის და ცოცხალია ქრისტესთვის…

ეს შენ ხარ… და შენ სხვანაირი ხარ, რადგან უფლის მარადიული სულით ხარ სავსე.

Loading...