როცა გტკივა…

0 733

როცა გტკივა, გგონია, რომ არავის ესმის შენი… როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდა; როცა გტკივა და გარშემო მყოფები გეუბნებიან, რომ „ესეც გაივლის“, სასაცილოდ არ გყოფნის და გული ყელში გებჯინება, ისე გეცოდება საკუთარი თავი…

როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო; უცხონი ხდებიან ადამიანები; რჩევები მტრულ ნოტაზე ჟღერენ, გამხნევება კი მოვალეობის მოხდად მიგაჩნია…

როცა გტკივა, უსაშველობამდე ცივი, შეუვალი და ჯიუტი ხდები; მკვიდრად ნაგები კედელივით წინ უდგები ყოველგვარ იმედს და რაღაც მაზოხისტურ სიამოვნებას განიცდი იმის წარმოდგენით, რომ დიახაც, არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ. თითქოს საკუთარი უბედურების მოსალოდნელი პროგნოზით სამაგიეროს უხდიდე მთელ სამყაროს და სადღაც გულის მიუვალ კუნჭულში გატკბობს კიდეც ამის წარმოდგენა… როცა გტკივა, გაბერილი ბუშტივით დახეტიალებ ქარიან ამინდში და ვაი იმ ტოტს, რომელიც შეგეხება. ერთი ამოსუნთქვით დაიცლები, ძველ პრობლემას ახალ კონფლიქტსაც ზედ დაუმატებ და მაინც ვერ გათავსუფლდები სიმძიმისგან…

სინამდვილეში ტკივილი გამარჯვებას გასწავლის, იმდენად ძლიერს გხდის, რომ შეძლო, საკუთარ თავს გადააბიჯო, დაინახო სამყარო საკუთარი ეგოს მიღმაც, აღიქვა, რომ სხვებსაც ასევე სტკივათ… ტკივილი გხდის იმად, ვინც ხარ, ის გაძლევს გამოცდილებას, დაეხმარო სხვებსაც. ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე და თვითშეცოდების მდინარეში მოიკლა თავი და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე.

აქციე პრობლემები გამოწვევებად და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჯერ არც ერთი სირთულე, ტკივილი თუ წნეხი არ ყოფილა ყოვლისშემძლე უფალზე დიდი…

Loading...