როცა პასუხებზე მეტია კითხვები…

0 248

როცა პასუხებზე მეტია კითხვები…

როცა სიხარულზე მეტია ტკივილი…

როცა ღიმილზე მეტია ცრემლი…

როცა აწყდები აქეთ-იქით და გამოსავალს ვერ პოულობ და მხოლოდ ერთი კითხვა გიტრიალებს თავში: რატომ?

დღეები გადის და დრო არ ანელებს სრბოლას, ეს კითხვა კი უფრო და უფრო მძაფრდება და უფრო მტკივნეულად გესობა გონებაში. რატომ? რატომ? რატომ?

ეს უნივერსალური კითხვაა, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში შექმნილ ყველა სიტუაციას ვარგებთ, მაგრამ ამით რა? პასუხს ვერ ვპოულობთ, ხშირ შემთხვევაში.

ხან ამის გამო იმედსაც ვკარგავთ, რწმენა გვიცივდება თვალსა და ხელს შუა, ვკვდებით და ვხმებით სულიერად, რადგან არ გვაქვს პასუხები კითხვაზე „რატომ?“

რატომ გვინდა, რომ ყველაფერზე პასუხები მოვიძიოთ? რატომ ვესწრაფით ყველა განტოლებისა და ამოცანის ამოხსნას? რატომ ვცდილობთ ყველაფერს გულისგულამდე ჩავწვდეთ?

მოაზროვნე ადამიანებად შეგვქმნა ღმერთმა. გონება მოგვცა და ანალიზის უნარი. ძიების, კვლევის უნარი, მაგრამ ამას ჩვენი სიამაყე დაერთო თან, რომელიც გვიბიძგებს, რომ ღმერთს ხშირად კადნიერად მოვთხოვოთ პასუხები ყველა კითხვაზე, ყველა „რატომზე“.

მოვალედ მივიჩნევთ ღმერთს, რომ გვიპასუხოს, მაშინვე გაგვცეს ხმა და დაწვრილებით ჩაგვაბაროს ანგარიში ყველაფრის შესახებ, რაზეც პასუხს მოვთხოვთ. და როცა ის ასე არ იქცევა (და ის ასე არასოდეს იქცევა), იმედი გვიცრუვდება, ვბრაზდებით, განაწყენებულნი ზურგს ვაქცევთ ღმერთს… ვერ გაგვიგია, რატომ გვატკინა გული მან, ვინც ამბობს, რომ დაგვიცავს და დაგვიფარავს.

რატომ მოგვიხდა ტანჯვის ატანა… ტკივილის გამოცდა…

თვით ქრისტემაც ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება და ვინ ვართ ჩვენ…

თვით ქრისტემ დაიმცირა თავი და დატოვა თავისი დიდება და ვინ ვართ ჩვენ…

თვით ქრისტე გახდა მორჩილი სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე და ვინ ვართ ჩვენ…

ვინ ვართ ჩვენ, რომ ღმერთს პასუხს ვთხოვთ თავხედურად? ვინ ვართ ჩვენ, რომ ფეხებს ვაბაკუნებთ და დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ახსნა-განმარტებას?

იობი ამბობდა, რომ თუ სიკეთის მიღება შეგვიძლია უფლისაგან, მაშ, რატომ არ უნდა შეგვეძლოს მისი ხელიდან სიავეც მივიღოთ?

მართალი იობი, რომელმაც ღმერთი გამოიწვია დავაში თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, მაგრამ როცა ღმერთმა ამოიღო ხმა და უამრავი კითხვა დაუსვა გრიგალიდან, იობი დადუმდა…

დადუმდა, რადგან მიხვდა, რომ ის არაფერი იყო ღვთის წინაშე და ადამიანური სიმართლე ვერ შეედავებოდა ღვთიურს. ღმერთს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია იობისთვის, მაგრამ იობმა მიიღო პასუხი… მიიღო და თქვა:

ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია, და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება. ვინაა ეს, განგებას რომ აბნელებს უმეცარი სიტყვებით? ასე ვლაპარაკობდი და არ გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი. ისმინე და მე ვილაპარაკებ, შეგეკითხები, და მაცოდინე. ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ. ამიტომ მძულს ჩემი თავი და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში” (იობი 42:2-6).

 ძნელია მორჩილება, მით უმეტეს, უპასუხოდ მორჩილება, რადგან სიამაყე არ გვაძლევს ამის ნებას, მაგრამ, ვინ ვართ ჩვენ, რომ უფალს არ დავემორჩილოთ?

„და თუმცა ძე იყო, მან ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება…“ (ებრაელთა 5:8).

Loading...