სად არის ღმერთი, როდესაც მტკივა?!

0 383

ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვას: „სად არის ღმერთი?“ და თან ირონიულ ღიმილსაც აყოლებენ. მეტიც, პრეტენზია აქვთ და ეძიებენ ღვთის სამართალს. ამბობენ, რომ თუკი არსებობს ღმერთი, რატომ ხდება ამდენი უბედურება, ამდენი შიმშილი, სიკვდილი და ათასი რამ

ეს კითხვები ყველასათვის ცნობილი და ბევრჯერ გაგონილია, მაგრამ ნება მომეცით, ვიკითხო: სად ვართ ჩვენ? რამდენად ახლოს ვდგავართ ღმერთთან, რომ შევძლოთ  მისი დანახვა? რამდენად ახლოს ვიცნობთ მას, რომ ვიცოდეთ, რა არის მისი სამართალი? და როცა დავიწყებთ წუწუნს, რატომ „მიგვატოვა“ და სად „წავიდა“, იქნებ ცოტა ხნის შემდეგ მაინც მივხვდეთ, რომ ღმერთი არსად წასულა, მისი ტახტი ურყევად დგას ზეცის კიდეზე.

ჩვენ წავედით, გავიქეცით უკანმოუხედავად. ყოველდღიურ პრობლემებსა და წუწუნის ხმას სიამოვნებით ავყევით. იქნებ გავიხსენოთ, როგორ გვეამა წუთიერად ქრისტიანული ცხოვრებიდან გადახვევა და როგორ სწრაფად ავუწყვეთ ფეხი ქვეყნიერების ტემპს... და შემდეგ საკუთარი თავის შეცოდების ინტონაციით ვიტყვით: „სად არის ღმერთი? განა მან არ იცოდა, რომ ამდენ ცდუნებას ვერ გავუძლებდი? განა ის არ ამბობს, რომ არასოდეს დაუშვებს იმაზე მეტ პრობლემას, რომელსაც ვერ გადავიტანთ? დიახ, ხშირად ასეც მოგვდის საცოდავ ადამიანებს. ღმერთს თავისივე სიტყვებით „ვეპაექრებით“… აქ ისევ კითხვა მაქვს... უკიდურეს უძლურებაში როდის გვითხოვია ღმერთისთვის ძალა ცდუნებათა დასაძლევად და მას არ მოუცია? როდის გვდომებია, მთელი სულითა და გულით დავრჩენილიყავით ღვთის სიტყვაში და მან არ გაგვაძლიერა? არასოდეს!..

პირველივე პრობლემაზე დავნებდით, გავიქეცით და ისევ ვიმეორებთ: „სად არის ღმერთი?“ არავის შეუქმნია ილუზია, რომ ყველაფერი მარტივი იქნებოდა, მაგრამ ყველა, ვინც ეს გზა გაიარა, ამბობს, რომ ის ამად ღირდა…

ან როგორ წარმოგვიდგენია, როგორ უნდა გავძლიერდეთ, როგორ უნდა მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს, თუკი ამ ყველაფერს არ გავივლით? თუ არ ვისწავლით საკუთარი ემოციების, გრძნობებისა და მიდრეკილებების კონტროლს?

იქნებ ისიც გვინდა სუსტ ადამიანებს, მოვითხოვოთ, რომ ღმერთმა ზებუნებრივად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ისეთი სულიერი განწყობა მოგვცეს, ყველაფერი მარტივად რომ დავძლიოთ და არასოდეს შევცდეთ?!  ყველაზე სასაცილო მაინც სულიერ სიმაღლეთა ილუზიაა... არ არსებობს არანაირი სიმაღლე და მთა... არსებობს ღმერთი, რომელსაც სჭირდება არა მონა, არამედ თავისუფალი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნებით აირჩევს ამ გზაზე სიარულს, და მორწმუნე, რომლისთვისაც ქრისტიანობა იქნება ყოველდღიური გადაწყვეტილება და არა რელიგიური ცხოვრების უმნიშვნელო ნაწილი... ღმერთი არ მოითხოვს ძილის წინ ბიბლიის წაკითხვას და ხუთწუთიან ბუტბუტს, რომელსაც არც ერქმევა ლოცვა, რადგან გულიდან არ იქნება ამოსული... ქრისტიანობა არ არის იძულებითი რიტუალი, ქრისტიანობა არის პატივი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ

ამიტომ, სანამ შენი ბაგე წარმოთქვამს: „სად არის ღმერთი“, იქნებ შენმა გონებამ მანამდე გაიფიქროს, სად ხარ შენ? მარტივია სხვისი ბრალდება, მაგრამ როდესაც ეს „სხვა“ თავად სამყაროს შემოქმედია, დიდი სიფრთხილე გვმართებს, სანამ უზენაესს უსამართლო ბრალდებებსა და პრეტენზიებს წავუყენებდეთ.

Loading...