საკუთარი დედის გინების შესახებ…

0 422

რა ღირს კაცური სიტყვის სანდოობა დღეს? მახსოვს, „ხევისბერ გოჩაში“ ჯარისკაცები ამბობენ „ვინც მტერს შეუშინდეს, საკუთარი დედამც შეირთოს ცოლადო.“

სინამდვილეში ჯარისკაცები ამით გამოხატავდნენ შემდეგ სათქმელს: როგორც ნამდვილი კაცი დედას ცოლად არ შეირთავს, ისევე წარმოუდგენელია ღალატი და მტრის შიში მათთვის. დღეს კი როგორი სიმახინჯეა, როდესაც ვაჟკაცები დგანან (უკვე ქალებიც) და იმისათვის, რომ საკუთარ სიტყვებს სანდოობა შემატონ, საკუთარ დედას იგინებიან.

ისე, რომ ვთქვათ, მე ნაკლებად დავიჯერებდი კაცის სიტყვებს, რომელსაც დედის დაგინება სჭირდება, რომ არ ტყუის და რატომ? თუ ყოველთვის აკეთებ იმას, რასაც ამბობ, მაშინ რაღატომ გჭირდება ფიცი და გინება? გამიგონია, როგორ ამბობენ: „როგორ არ დავუჯერო, ამოიწყვიტა ყველაფერი და…“ „აბა, დაიგინე?“ „შვილის სულს გეფიცები“, „ტყუილად ხომ არ დავიგინებდი?“ და სხვა მრავალი.

მოდით, ამ საკითხს ქრისტიანული კუთხითაც შევხედოთ.

უფალი საუბრობს, არათუ გინებაზე საკუთარი სიმართლის დასამოწმებლად, არამედ ფიცზეც კი: „არ დაიფიცოთ, რადგან იყოს თქვენი ‘ჰო’ ჰო და ‘არა’ არა, რაც ამაზე მეტია, ბოროტისგანაა“, ანუ ის გვეუბნება, რომ ადამიანი უნდა იყოს მართალი და მისი „ჰო“ და „არა“ იყოს ყველა ფიცზე მყარი და სანდო!

მე ვფიქრობ, სამყაროში ყველაზე დიდი ვაჟკაცი იესო ქრისტე იყო და არის! ამის მრავალი მაგალითი მოგვცა სახარებაში…

P.S.: გასაგებია, რომ ხანდახან არ გვიჯერებენ, მაგრამ მოდით, პატივი ვცეთ საკუთარ თავს და მივეჩვიოთ უბრალოდ „ჰოს“ და „არას“ თქმას. როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი „ჰო“, ის სხვისთვისაც მნიშვნელოვანი გახდება.

Loading...