სანთელი არაფერს კარგავს სხვა სანთლების ანთებით

0 126

მოხუცებული თავდახრილი დაყრდნობოდა თავის ყავარჯენს. ერთი შეხედვით სათნოება იხატებოდა მის სახეზე, მაგრამ სევდის, ტკივილისა და ცრემლისთვისაც მოიპოვებოდა ადგილი. თითქოს დიდი ომი გამოიარაო, ახლა კი… მეზობელი მივიდა მასთან, შეხედა და…

– აი, ხომ ხედავ! რა შედეგი გამოიღო შენმა სიმართლის ქადაგებამ?! სიკეთე გინდოდა, შენს საჭმელს სხვებს უნაწილებდი; შენს ძალებს სხვებს ახმარდი; შენი ყველა ნიჭი და უნარი სხვა ადამიანებს მოახმარე; სხვისი ჭირი შენი ჭირი იყო; ადამიანებთან სიცოცხლის სიტყვა მიგქონდა; ყველაფრის გწამდა, ყველაფერს ითმენდი; ხშირად ნაწყენი, ხშირად დაჭრილი იმედს არ კარგავდი და საუკეთესოს ელოდი სხვათაგან.  აი, ახლა რა შედეგი მიიღე? შენ მარტო ხარ… ცრემლებით დაგსველებია კალთა. რა ამაოდ დახარჯულხარ.

– იცი, რატომ ვტირი? კიდევ მეტი შემეძლო! კიდევ მეტი! ახლა მოვხუცდი და როცა ჩემს ცხოვრებას გადავხედავ, ვფიქრობ, კიდევ რამდენი ადამიანის წამოყენება შემეძლო. იცი, სუნთქვას ერთხელ წყვეტს ადამიანი, მაგრამ მრავალჯერ კვდება. მე მინახავს ასეთები. ყოველდღე ვხედავდი, მაგრამ ხშირად გვერდს ვუვლიდი. არადა ერთი სიტყვა, ერთი გაღიმება სრულიად შეცვლიდა მათ ცხოვრებას… რა მოხდებოდა, რომ უფრო მეტისთვის მეთქვა: ყველაფერი უკეთ იქნება! ნუ დანებდები, წამოდექი, იბრძოლე!  მე მწამს, გაიმარჯვებ! ან იქნებ ისიც მიმეყოლებინა: შენ განსაკუთრებული ხარ! ეს ხომ სიმართლეა? დამერწმუნებინა ისინი, რომ ყველაზე ძვირფას ბრილიანტად წარმოედგინათ თავი. ალმასის პოვნა ურთულესია ბუნებაში, მაგრამ იგი არსებობს, მისი დამუშავება კი დიდი ხელოვნებაა და მთელი რიგი სამუშაო, მაგრამ შესაძლებელია. ალმასი ყველას შინაგანში იმალება, მთელი ღონე უნდა მოიშველიო, რომ უბრალო ქვად კი არა, ალმასად იქცე, ხოლო როცა აღმოაჩენ, რომ ალმასი ხარ, გჭირდება ის, ვინც დაგამუშავებს. ყველაზე დიდი ოსტატი კი თავად უფალია.

ეს რომ მეტისთვის მეთქვა…  რამდენის ღიმილს ვიხილავდი, რამდენის დაცემას ავირიდებდი, რამდენის სიკვდილს ავცდებოდი…  აი, ეს მატირებს.

დაიმახსოვრე:

სანთელი არაფერს კარგავს სხვა სანთლების ანთებით.

Loading...