საქართველოც დედამიწაზეა…

0 183

რამდენიმე დღის წინ მეტროთი ვმგზავრობდი. ვაგონში რამდენიმე გოგონა იდგა “ჰელოუინის” მაკიაჟით, ერთ-ერთს თავზე წითელი რქებიც დაედგა. ყურადღებას იპყრობდნენ გარეგნობითაც და ხმამაღალი ლაპარაკითაც. მომდევნო გაჩერებაზე ახალგაზრდა კაცი შემოვიდა ვაგონში და მათი დანახვისთანავე დაუოკებელი აღშფოთება გამოთქვა, რას შვრებით, სულს იღუპავთო? და ზნეობისა და ქართველობის შესახებ ლექციას მოჰყვა, გემრიელი გინებაც თან დაურთო: „ეს როგორ გვეკადრება ქართველებს, ჩვენ ხომ ქართველები ვართ, საქართველოში ვცხოვრობთო“ და სიტყვა „საქართველოს“ ხაზი გაუსვა, გამოთქმით წარმოთქვა… მის გაგულისებულ ლანძღვა-გინებით შეზავებულ მონოლოგს ვიღაც გამოეპასუხა: „მერე საქართველოც დედამიწაზეა, ძმაოო…“

გამეცინა… ოღონდ მწარედ… აქამდეც რამდენჯერ მიფიქრია, რომ ბევრს საქართველო რაღაც გამორჩეულ, დედამიწაზე მდებარე სამოთხედ წარმოუდგენია, სადაც მცხოვრებ ადამიანებს „ბევრი რამ არ ეკადრებათ“… არადა, ჩვენც ცოდვილ ქვეყნიერებაზე ვცხოვრობთ, სადღაც ზეცასა და მიწას შორის გამოკიდებულნი და დანარჩენ სამყაროს მოწყვეტილნი კი არ ვართ…

ვიფიქრე და ვწერ, რომ მე, როგორც ქართველი, ჩვენ, როგორც ქართველები, არ ვართ ვინმეზე მეტნი. ჩვენც ისევე გვჭირდება ხსნა, როგორც სხვებს, ჩვენც ისევე გვჭირდება უფლის მადლი და წყალობა, როგორც სხვებს. ჩვენთვისაც ისევე აუცილებელია ღვთის მფარველობა, როგორც სხვებისთვის.

ჩვენ არ ვართ სხვებზე აღმატებულნი, სხვებზე უპირატესნი და არც რაღაც საოცარ და განსაკუთრებულ მიწაზე არ ვცხოვრობთ. საქართველოში, ქართველად დაბადებით არ გვენიჭება ზეციური სასუფევლის მოქალაქეობა და არ გვეძლევა, გნებავთ საშვი, გნებავთ ვიზა პირდაპირ ზეცაში შესასვლელად. ქართველად დაბადება თანდაყოლილ ქრისტიანობას როდი ნიშნავს, რომელსაც შემდეგ „აღარ ეკადრება“ „სამარცხვინო“ საქმეების ჩადენა. სხვას, უცხოელს, ამერიკელი იქნება თუ ვინც გნებავთ, რაც უნდა ის უქნია, მათი მოგონილია “ჰელოუინიც” და მსგავსი „წამხდარი საქმენი“ (არც მე მომწონს “ჰელოუინი”, მაგრამ გინებით საქმეს არ ეშველება), მაგრამ აი, ჩვენ, ქართველებს, ეს როგორ გვეკადრება. ჩვენ ხომ ამაღლებული და აღმატებული ერი ვართ, ხოლო ყველანაირ გარყვნილებასა და სისაძაგლეს ვიღაც სხვები გვახვევენ თავს.

ის, რომ ჩემი სამშობლო დღემდე მოვიდა, მჯერა, ეს ღმერთის წყალობაა… რამდენი იმპერია მტვერივით გაიფანტა და გაქრა, თითქოს ვიღაცამ სული შეუბერაო, საქართველო კი დარჩა. დღემდე… აქამდე მოვიდა… თუმცა ეს სულაც არ არის ჩვენი „გამორჩეულობისა“ და „განსაკუთრებულობის“ გამო. ეს უბრალოდ ღმერთის მადლია.

მჯერა, ჩემი წინაპრების, მათ მოიყვანეს აქამდე ქვეყანა, რომელთაც ნამდვილად სწამდათ ღმერთი, ქრისტეს რწმენაზე დაიმედებულნი გადიოდნენ ბრძოლის ველზე სამშობლოს დასაცავად და ზეპირად იცოდნენ წმინდა წერილი, არა ისე, თავის მოსაწონებლად, არამედ მართლაც ცხოვრობდნენ მისით, ქრისტეს რჯულით… ხომ ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელს ოცდაოთხჯერ ჰქონია სახარება წაკითხული…

ჩვენ კი რით ვტრაბახობთ დღეს? რა არ „გვეკადრება“?

რა ხეირია, რომ ვიტრაბახოთ ძლევამოსილი მეფეებით, დიდებული, გარდასული წარსულით, ვითარცა რომანტიკოსებმა? ეს გვაძლევს სიამაყის საფუძველს? რით გვინდა, რომ სამი უდიდესი საუნჯე შევინარჩუნოთ, რომლებსაც ენა, მამული და სარწმუნოება ჰქვია? საკმარისი არ არის ქრისტიანულ ქვეყანაში დაბადება, საკმარისი არ არის ქრისტიანის სახელის დარქმევა… მჯერა, ჩემი ქვეყანა აქამდე მოვიდა მათ გამო, რომლებსაც არა მხოლოდ ერქვათ, არამედ იყვნენ კიდეც ქრისტიანები… რადგან სარწმუნოებაში რუტინად ქცეული წესების შესრულება როდი იგულისხმება, არამედ მორჩილი და მოდრეკილი გული, ქრისტეს რჯულით ცხოვრება…

არ არსებობს ზეციური საქართველო. არსებობს ზეციური იერუსალიმი. არსად გვეუბნება ღმერთი, რომ ქართული ენით განიკითხავს წუთისოფელს. თავს ვიბრმავებთ მხოლოდ წარსულის დიდებაზე ტრაბახითა და დიდებულ, გაბრწყინებულ მომავალზე ოცნებით, აწმყო კი გვერდზე გვრჩება. აწმყო, სადაც უნდა ვაკეთოთ ქრისტიანის საქმე და სადაც უნდა მომავალი ვაშენოთ, მომავალი, რომელიც საუკუნო ცხოვრებასთან, საუკუნო ცხონებასთანაა დაკავშირებული…

ქართული ენის „ქებაჲ  და დიდებაჲ“ გვაქვს სატრაბახოდ, ვადიდებთ ჩვენს ქვეყანას, ძლევამოსილ მეფეებს, ტრადიციებსა და კულტურას… ნაცვლად იმისა, რომ ვადიდოთ ღმერთი, ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ, „ქებაჲ და დიდებაჲ“ მხოლოდ უფალს ეკუთვნის და არა ვინმე სხვას…

დროა, თავი დავიმდაბლოთ… დროა ვიფიქროთ, რომ ვერც ეროვნება, ვერც კულტურისა თუ ენის სიძველე ხსნას ვერ მოგვიტანს და ღვთის წინაშე გამორჩეულად ვერ გვაქცევს, ხსნა მხოლოდ უფალ ქრისტეშია.

სული მხოლოდ ქრისტეს რწმენით ცხონდება…

„ქებაჲ და დიდებაჲ“ მხოლოდ უფალს ეკუთვნის…

Loading...