სიკეთის ენა

0 167

“სიკეთე არის ენა, რომელიც ესმის ყრუს და ხედავს ბრმა.” – მარკ ტვენი.

სიკეთე არის გზა სრულყოფილებისაკენ. სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება. დავიბადეთ სრულიად ხელცარიელები, თან არაფერი მოგვიყოლებია – არც ფული, არც მეგობრები, არც საქმეები… როგორებიც დავიბადეთ, ისეთები გარდავიცვლებით. ამ ქვეყნიდან ვერაფერს გავიყოლებთ კეთილი საქმეების გარდა.

ყველა კეთილი ადამიანი ძლიერია, რადგან სიკეთეს შესწევს ძალა, ბოროტება დააჩოქოს, დაჩრდილოს და სრულიად გაანადგუროს. როგორი გასაოცარია, როდესაც ეხმარები ადამიანს და მის თვალებში მადლიერებას, ბედნიერებას და სიყვარულს ხედავ. როგორი სასიამოვნოა, როდესაც აცნობიერებ, რომ შეგიძლია, სხვას დახმარების ხელი გაუწოდო, წამოაყენო და სწორ გზაზე დააყენო.

ვფიქრობ, რომ ადამანი უნდა თესავდეს სიკეთეს უანგაროდ და არ ელოდოს სამაგიეროს, ეს კი უდიდესი ძალაა. ძალა, რომელსაც ვერაფერი აღუდგება წინ. ძალა, რომელიც ღმერთისგან მოდის, რადგან არავინაა რეალურად კეთილი ღმერთის გარდა. სწორედ ის დებს ადამიანებში სიკეთის კეთების სურვილს.

სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც სხვათათვის ზრუნავ, რადგან შეგიძლია სასიკეთოდ შეცვალო თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება. ასე რომ, სასარგებლოა, იყო ბრძენი, მაგრამ უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი, რადგან აქ მარადიული არაფერია, შესაბამისად, არც ამქვეყნიური სიცოცხლე. ყველანი გარდავიცვლებით, ერთადერთი რამ კი რაც თან გაგვყვება, ეს ჩვენი გაკეთებული კეთილი საქმეებია და ასევე, კეთილი საქმეები იქნება ის, რითიც დედამიწაზე გაგვიხსენებენ. როგორ მოგვიგონებენ ადამიანები – კარგად თუ ცუდად, ეს ჩვენი გადასაწყვეტია.

Loading...