სიკვდილი არ არის დასასრული…

0 33

მართლაცდა რა არის ადამიანი… ერთ დღეს რომ წყვეტს ამქვეყნიურ არსებობას და ტოვებს უზარმაზარ სიცარიელეს… მხოლოდ მაშინ ხვდები დაკარგულ სისავსეს, რომელიც არასდროს შეგიმჩნევია. თითქოს ისეა ყველაფერი, როგორც უნდა იყოს: თენდება, ვსუნთქავთ, ვცხოვრობთ, ვიღიმით, გვტკივა და… და ერთ დღეს, სულ უბრალო დღეს, რომელსაც თან მთელი ცხოვრებაა ელი და თან არ იცი, დღეს, რომელიც არ დაგიგეგმავს და არ მოგინიშნავს კალენდარზე… დღეს, რომლის მიღმა უამრავ რამეს გეგმავდი, ისე შეუძლებელი და სანატრელი ხდება ერთი უბრალო ამოსუნთქვაც კი… ერთი გულის ფეთქვა… და იმ დღეს სიცარიელე უცერემონიოდ მოდის ადამიანებთან, რომელთაც უყვარდი და ჭირისუფალივით, შავი პირბადით მთელ სივრცეს იკავებს ოთახში, მთელ ჰაერს ისრუტავს და სული გეხუთება საშინელი მარტოობისგან, 7 მილიარდი ადამიანიც რომ ვერ შეავსებს…

სიმწარე სულმოუთქმელად გადაკრული ალკოჰოლივით ედება სხეულს და ტკივილი გამუდმებით ჩაგჩურჩულებს ყურში: “რატომ, ღმერთო?” თითქოს კითხვაცა და პასუხიც ამ ორ სიტყვაში გაგეერთიანებინოს და თითქოს არ გსურდეს სხვა არაფრის გაგონება, ისე იმეორებ გონებაარეული ამ ორ სიტყვას. ეჭვები ხელბორკილს გადებენ და სიკვდილის ცივი სუნთქვა ცდილობს დაგაჯეროს, რომ სიცოცხლე არ არსებობს…

ნუ დაეცემი, როცა სიკვდილი საკუთარი ოთახის შუაგულში ობობასავით გააბამს ქსელებს… ნუ დაიჯერებ, რომ სიცოცხლე დამთავრდა, რადგან ნამდვილი სიცოცხლე მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იწყება… ნუ ჩაახშობს შენში იმედს საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი… ნუ მოკლავ რწმენას, რადგან ეს ცხოვრება აჩრდილია, ანარეკლია ნამდვილი სიცოცხლის, სადაც არ არის ცრემლი და გოდება, სადაც ყველა ტკივილი ყუჩდება და ყველა ტვირთი მსუბუქდება… უფალი ერთგულია… ყოველთვის!!! იესოც მოკვდა, მაგრამ დაგვიტოვა იმედი მკვდრეთით აღდგომის და ნეტარია ყველა, ვინც მხოლოდ ამ ცხოვრებაში არ ეიმედება ქრისტეს… ჩვენ ყველა წავალთ, მაშინ, როდესაც უფალი იტყვის: “დაბრუნდით, ადამის ძენო!” და არ დაიხოცებით… უბრალოდ სახლში დაბრუნდებით, რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია (ფილიპ. 3:20).

Loading...