სიმშვიდე მინდა, ღმერთო…

0 37

სიმშვიდე მინდა, ღმერთო, შენი სიმშვიდე. ისეთი, სულითა და სხეულით რომ მიეყრდნობი, როგორც მტკიცედ ნაშენ კედელს და იცი, რომ არ გადაიქცევა.

სიმშვიდე მინდა, ღმერთო, სიმშვიდე, გამაყუჩებელივით რომ იმოქმედებს და ყველა ტკივილს გამიყუჩებს. ისეთი, ყველაფერს რომ დამავიწყებს და ყველა საწუხარი რომ სულ ერთი გახდება… სიმშვიდე მინდა, ღმერთო, ისეთი სიმშვიდე, ფიზიკურ ტკივილსაც რომ გამიქრობს. სიმშვიდე, ისეთი, თითქოს მხოლოდ სული ხარ და სხეული სადღაც გაქრა. სიმშვიდე, რომელიც მიზიდულობის კანონს საფუძველს გამოაცლის და უწონადობის გარემოში თითქოს სადღაც გამოვეკიდები.

სიმშვიდე მინდა, ღმერთო, რომელსაც თავს შევაფარებ და დამიცავს, გარშემო სამყარო რომ ათი ათას ნაწილად იშლებოდეს და ყველაფერი გრუხუნით ეცემოდეს ირგვლივ. სიმშვიდე მინდა, ღმერთო, ისეთი სიმშვიდე, გულში რომ სხვას არაფერს დაუტოვებს ადგილს და ნარკოზივით იმოქმედებს ჩემს ნატკენ სულზე. სიმშვიდე მინდა, ღმერთო, დავიღალე. ისეთი სიმშვიდე, ჩუმი სიმშვიდე, მშვიდი სიმშვიდე, ისეთი სიმშვიდე მინდა, თითქოს ცა ჩამოსულიყოს ჩემში…

„სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი…“ ესაია 26:3.

Loading...