სიყვარული, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა!..

0 314

ჩემი სიცოცხლე გამოსყიდულია… ამ სევდისფერ სამყაროში ჩემი გული ისევ ძგერს, რაც იმას ნიშნავს, რომ მე დავინახე კაცი, რომელიც ჩემ გამო ჯოჯოხეთში ჩასვლაზეც თანახმა იყო.

როგორ დააბიჯებდი, იესო, ამ ჭუჭყისფერ სამყაროში, ზეცის გარეშე, ბინძურ სამოსში გახვეულ კაცთათვის?

ქუჩაში ვდგავარ და კაბა მიფრიალებს…

იმ დღეს, სანამ ჩემი გამოსყიდვა აღსრულდებოდა, დუმდა დედამიწა, მშვიდად ეძინა ბოროტებას, შენ კი მარტო დარჩი, იესო, გეთსიმანიის ბაღში და მამას ეძებდი ზეცის მიღმა. ისე ძლიერ გტკიოდა, ისე ძლიერ, უფალო, რომ ოფლის ნაცვლად სისხლი გდიოდა. სამყაროს არ ესმოდა შენი ტკივილის, სამყარო ბოროტებას უღიმოდა იმ ღამით. ზეცამ ვერ გაუძლო შენს ტკივილს, იესო, და წვიმა შეგაშველა.

მიდიოდი გოლგოთის მთისკენ და სამყაროში ვინც კი დაიარებოდა, ყველა შენ გაწმენდდა დასვრილ ხელებს სპეტაკ სამოსზე. გოლგოთამდე შენი სამოსელი მთლად ჭუჭყისა და სისხლისფრად შეღებილიყო.

ვდგავარ ქუჩაში და კაბა ისევ მიფრიალებს…

იმ ღამით იესოს მზერა მარადიულ სიყვარულს მიმტკიცებდა. როდესაც მის თვალებს ჩახედავდი, შენს გამოსყიდულ სიცოცხლეს დაინახავდი და თუ ჰკითხავდი იესოს, ღირდა თუ არა სისხლის დაღვრა ამ ბინძური თაობისთვის, ის გაგიღიმებდა და მისი მზერა გეტყოდა:

„ღირდა! ღირდა ამ თაობისთვის სისხლის დაღვრა! ღირდა, თუნდაც მხოლოდ შენი სიცოცხლისათვის!“

და გამუდმებით ისმის სამყაროში ეს ხმა, რომელიც იმეორებს:

„ღირდა შენთვის მიწაზე მოსვლა და შენი გამოსყიდვა ჩემი სოცოცხლის ფასად!“

ეს არის მარადიული სიყვარული. სიყვარული, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა!..

Loading...