სტანდარტული ქრისტიანობა საკმარისი არ არის

0 241

 

ხშირად, შესაძლოა, გვსურს  წინსვლა და წარმატება, თუმცა რაღაც გვიშლის ხელს, რომ დავიმკვიდროთ ეს ყოველივე. თითქოს ყველაფერი კარგადაა და მიზანიც გამოკვეთილი გვაქვს – თუ რას გვინდა მივაღწიოთ, თუმცა როდესაც თვალს გადავავლებთ ჩვენს განვლილ გზას, ვხვდებით, რომ უფრო წინ უნდა ვყოფილიყავით. რა ხდება? რა გამოვტოვეთ?

ძვირფასო მკითხველო, მთელი გულით გთხოვ, არ დაკარგო არც ერთი სიტყვა. გაუფრთხილდი, გულში ღრმად ჩაიმარხე და ეს შეცვლის შენს ცხოვრებას.

შესაძლოა, ვერ აღწევდეთ მიზანს, რადგან როდესაც იწყებთ, იღლებით  და მალევე ჩერდებით. საჭიროა, იმაზე მეტი გააკეთოთ, რაც გევალებათ, რასაც თქვენი ზემდგომი დაგავალებდათ; აუცილებელია, წაიკითხოთ ერთი გვერდით მეტი ბიბლია, ილოცოთ ერთი წუთით მეტი და თავად იხილავთ ცვლილებებს.

თავად იესო ქრისტე საუბრობს სასუფევლის დამკვიდრების მაღალ სტანდარტზე, რომ საკმარისი არ არის, უბრალოდ გსურდეთ რაიმე, თქვენ ამისთვის რაღაც აღმატებული უნდა გააკეთოთ, ამისთვის ბოლომდე უნდა გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობანი.

„…ცათა სამეფო ძალისხმევით აიღება, და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.“ (მათეს სახარება 11:12).  თუ გსურთ უფალთან ერთობის დამყარება და მისგან კურთხევის მიღება, მაგრამ, რაღაც მიზეზის გამო, ეს ყოველივე აყოვნებს, ნება მიბოძეთ, გითხრათ, რომ თქვენ არ  გსურთ ის, როგორც, ვთქვათ, მხიარულება, საყვარელი გადაცემის ყურება ტელევიზორში, ინტერნეტსიახლეების ნახვა, მიმოწერა, აუცილებელი ზარები, ტკბილი ურთიერთობანი და ა.შ. თუ რაიმე გენიშნათ, ესე იგი, თქვენ რეალურად არ გინდათ ეს.

შესაძლოა, ძილი უფრო მეტად გიყვართ, ვიდრე უფალთან ერთობა. თუ თქვენ გსურთ უფალთან ერთობა და წარმატება მასში, მაშინ თანახმა უნდა იყოთ, უარი თქვათ თუნდაც ძილის ხანგრძლივობაზე. იმდენად უნდა გსურდეთ ეს, რომ გავიწყებდეთ ჭამას. თუ გინდათ, იყოთ ის ადამიანი, რომელიც იქნება ძალისმხმეველი უფლის სასუფევლის დასამკვიდრებლად, მაშინ დიდი შრომის გაწევა მოგიწევთ.

არ დაწვეთ დასაძინებლად, სანამ რაიმეს არ გააკეთებთ თქვენი მიზნის მისაღწევად. იქ, სადაც თქვენ ხართ, არაა საკმარისი – უბრალოდ მცნებების დამცველი იყოთ, თქვენ გჭირდებათ გული, მაგრამ როგორი გული? ისეთი, რომელიც თავს შეგაწირვინებთ ღვთისთვის ახლა და ამწუთას, თქვენი მდგომარეობით. ეს უკანასკნელი წინადადება მე არ მეკუთვნის, ამას მსოფლიოში ცნობილი მქადაგებლებიც უსვამენ ხაზს, რომ აუცილებელია, შენს საქმეს აღმატებული სულით აკეთებდე, თუმცა ამის შესახებ უპირველეს გაკვეთილს ბიბლიიდან ვიღებთ.

ნება მიბოძეთ, უფრო განვმარტო; თქვენ შეიძლება მოხვედით ეკლესიაში უფლის სიტყვის მოსასმენად, მაგრამ კონკრეტულ მომენტებში ის უფრო გაინტერესებთ, თუ რა ხდება თქვენს ტელეფონში. ამით კარგავთ შანსს, რომ დაიმდაბლოთ თქვენი გული, რათა უფრო დაუახლოვდეთ უფალს. როდესაც თვალს გადაავლებთ სხვა ადამიანებს, ხედავთ, რომ ისინიც მსგავსად იქცევიან და თამამად ამშვიდებთ საკუთარ ეგოს, რომ რადგან სხვა აკეთებს, ესე იგი, თავადაც გაქვთ ამის უფლება, მაგრამ გვავიწყდება მარტივი ჭეშმარიტება: „სტანდარტებს ადგენს ქრისტე და არა მორწმუნე ადამიანი.“ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები არ ერგებოდნენ ქრისტეს სტანდარტს, თქვენ უფლება არ გაქვთ, უღალატოთ წმინდა სულს  და ყური არ დაუგდოთ მის ძახილს.

და მართლაც, „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს…“

ეს ყოველივე, რაც ვახსენე, სამწუხაროდ, გულს გვიქვავებს და  გვეხმარება იმაში, რომ მოვწყდეთ სიცოცხლის წყაროს… მაგრამ არის იმედი! მადლობა ღმერთს, რომ მან მოგვაცილა ქვის გულები და მოგვცა აღმატებული მსახურება მამის წინაშე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავები შევწიროთ ღმერთს ნებისმიერ მომენტში. ვიღაცას შეიძლება ეს მაშინ მოუწიოს, როდესაც საყვარელ გადაცემას უყურებს ტელევიზორში, ან მეგობრებთან ერთად უწევს გასართობად წასვლა. ეს არის მომენტი, როდესაც ღმერთი გეძახის, რომ შესწირო შენი დრო ზუსტად ახლა, რათა მეორეხარისხოვანი არ იყოს ის შენს ცხოვრებაში. ბევრ ჩვენგანს შეუძლია, საათები და დღეები შესწიროს საყვარელ საქმეს. მე ასე ვიტყოდი, თუ თქვენ დაივიწყებთ ტელეფონებს, უარს იტყვით ვიდეოთამაშებისთვის დახარჯულ საათებზე მაშინ, როდესაც ღმერთი მასთან ურთიერთობის სურვილს ჩადებს თქვენს გულში, თუ დაივიწყებთ კონკრეტულ სატელევიზიო „შოუს“ და თქვენი გულის ძახილს მოუსმენთ, რომ ახლა ღმერთთან ერთობის დროა, თქვენ მიიღებთ კურთხევას უფლისაგან. მაგრამ თუ ამას არ გააკეთებთ, ამით დაადასტურებთ, რომ თქვენი ადამიანური მიდრეკილებანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღმერთი და წარმატება მასში. მე უნდა გითხრათ ეს, შეიძლება გაწყენინოთ, მაგრამ უნდა ვთქვა. ზოგიერთმა თქვენგანმა უნდა დატოვოს ურთიერთობები, დაივიწყოს ტელეფონები და სატელევიზიო გადაცემები, გართობაც – საჭირო და კონკრეტულ დროს, რადგან მასზე დახარჯულ დროში შეიძლება იყოს ჩვენი წარმატების გასაღები.

იმ გამოცხადებას, რაც კონკრეტული ლოცვის დროს უნდა მიგეღო, ვეღარ მიიღებ და გაიგებ შემდეგში, მაგრამ სხვისგან, რადგან ღმერთს ჩვენთვის ყოველდღე ახალი გამოცხადება აქვს და ქრისტიანობაში არ არის განმეორებითი გაკვეთილები; ვინც აცდენს გაკვეთილს, მას ეს ტკივილის ფასად შეიძლება დაუჯდეს.

ჩაეჭიდეთ უფალს, როდესაც თქვენს გონებაში აზრი გაჩნდება, რომ ბიბლიის წაკითხვა ან ლოცვა გჭირდებათ, თუნდაც  ეს ორი წუთის წინ გაგეკეთებინოთ, კვლავ გააკეთეთ, ამაში თქვენი წარმატების გასაღები დევს.

ნუ გეშინიათ, უბრალოდ საკმარისია გაიაზროთ, რომ ღმერთს სურს, თქვენი გულის ზრახვები კეთილსურნელება იყოს მისთვის. მხოლოდ გულწრფელი გააზრების შემდეგ მიხვდებით, თუ რა სურს ღმერთს და რატომ ამბობს, რომ სხეული გავუმზადოთ მას.

მას წყალობა სურს მსხვერპლზე მეტად. მსხვერპლი, ეს ჩვენი გულის გამოხატულებაა, რათა უფრო ვიკურთხოთ.

დაე, ღმერთმა გაკურთხოთ და ყოფილიყავით ისეთები, რომლებიც სრულად შესწირავენ მას საკუთარ თავებს ნებისმიერ მომენტში.

„ამიტომ, გევედრებით, ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმინდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.“ (პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ 12:1).

 

Loading...