უთხარი მას…

0 3

წარსული რვეულში შეცდომით ჩაწერილი ამოცანა არაა, ხელის ერთი მოსმით რომ ამოხიო და თავიდან გადაწერო, არც გაბზარული ჭიქაა, ნაგავში რომ გადაუძახო, არც ფოტოზე აღბეჭდილი კადრია ფოტოშოპით რომ დაამუშავო…და სწორედ მაშინ, როცა ყველაფრის თავიდან დაწყებას გადაწყვეტ, ის აუცილებლად მოვა და გეტყვის, რომ შენ ღირსი არ ხარ, მოვა და მოიტანს წარსულის სკივრიდან ამოქექილ ძონძებს და მტვრიან მოგონებებს და შეეცდება დაგაჯეროს, რომ მხოლოდ წარსული გაქვს…

ნუ შეგეშინდება მისი ბრალდებების, თამამად გაჰყევი მას წარსულის ბნელ ლაბირინთებში და თან უფლის სიტყვის ლამპარი გაიყოლე… თავი ასწიე და გაიარე აბლაბუდით მოქსოვილი კედლები, მხრებში გაშლილმა ჩაუარე ხავსმოდებულ საბრალდებო დასკვნების თაროს, უთხარი მას, რომ ღმერთის შვილი ხარ!

…რომ ძვირფასი სისხლით ხარ გამოსყიდული!

უთხარი, რომ გაქვს მომავალი და იმედი!

…რომ უფალი შენი მწყემსია!

უთხარი, რომ წარსული შენი გამოცდილებაა, ის საძირკველია, რომელზეც მომავალს ააშენებ. ნუ გრცხვენია, ნუ ცდილობ ღრმად დამარხო, პირიქით, გახსოვდეს, რადგან ხედავდე უფლის დიდებას მთელი სიცხადით, იამაყე შენი ღმერთით… ვერავინ მოგაყენებს ტკივილს იმით, რითიც ამაყობ, ვერავინ შეგახსენებს იმას, რაც არასდროს გავიწყდება… აქციე წარსული შენს გამოცდილებად, თავი ასწიე, მხრებში გაიშალე და ცხოვრება განაგრძე. წამოდექი ყოველი დაცემის შემდეგ და თავიდან დაიწყე. დაცემათა და ფეხზე წამოდგომათა რიცხვი მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ არ ნებდები…

ის მოვა, მოვა დაუპატიჟებლად მაშინ, როცა არ ელი და გეტყვის, რომ მხოლოდ წარსული გაქვს, თან მოიტანს სკივრიდან ამოქექილ ძონძებს და მტვრიან მოგონებებს…. უთხარი მას, უთხარი, რომ გაქვს მომავალი და იმედი, რომ უფალი შენი მწყემსია !!!

Loading...