უფალი ჩემი მწყემსია

0 492

ნუ დაუჯერებ ტყუილს, რომ ყველამ მიგატოვა, უფალია შენთან!

ნუ დაუჯერებ ღამეს, რომ აღარ გათენდება, უფალი გაგინათებს სიბნელეს!…

ნუ დაუჯერებ ნისლს, რომ ვეღარ დაინახავ, რადგან თავად ღმერთი იქნება შენი თვალის სინათლე…

ნუ დაუჯერებ წვიმას, რომ აღარ გამოიდარებს…

უფალი ჩამოგწმენდს ტალახს და სირცხვილს და ისევ აიმაღლებ ხმას, რათა ადიდო იგი თავის საწმინდარში. ნურც ტკივილს დაუჯერებ, რომ არ გაივლის, რადგან ღმერთი დაგიამებს ჭრილობებს…

ნუ დაუჯერებ დაცემას, რომ წამოდგომა აღარ იქნება, რადგან შვიდჯერაც რომ დაეცე, უფალი წამოგაყენებს, თუ მას ეიმედები…

ნუ დაუჯერებ ნასროლ ტალახს და ნურც ფეხქვეშ დაგებულ პალმის რტოებს, რადგან უფალია შენი მწყემსი! ის დაგამდაბლებს თავისი ძლიერი ხელის ქვეშ და აგამაღლებს თავის დროზე. ნუ გეგონება, რომ ღმერთი ადამიანთა მსგავსია! ნუ გაიქვავებ გულს და ნუ დაიხშობ სასმენელს…

ღმერთი გეძახის! მნიშვნელობა არ აქვს, სად ხარ, ცხოვრების რომელ კუნჭულში ჩარჩი… კალენდრის რომელ ფურცელზე… ღმერთი გეძახის!

ნუ იტყვი, რომ არავის სჭირდები… უფალი გელოდება, გაქვს მოწოდებაც და ადგილიც… ნუ უგულებელყოფ! მოიშორე ყველანაირი იმედგაცრუება და გაარღვიე გალავანი, გარშემო რომ შემოიშენე, დაამსხვრიე კოლექციასავით მოგროვილი სტერეოტიპები და უბრალოდ დაინახე ადამიანები, რომელთაც შენზე მეტად სჭირდებათ ნუგეში…

ნუ დაიჯერებ, რომ არაფერი შეგიძლია, რადგან უძლურებაშია სრულყოფილი მისი ძალის ძლიერება შენში…

ნუ დაიჯერებ, რომ წერტილი დაგისვა ცხოვრებამ, რადგან უფალია ყოველივეს მპყრობელი, ის კი მძიმეს სვამს მხოლოდ და გაგრძელების შანსს გაძლევს… სანამ ხარ…

ნუ დაიჯერებ, რომ მცირედი არაფერს ნიშნავს, წყალი დუღს 211 გრადუსზე ფარენჰეიტით, ხოლო 212 გრადუსზე წარმოიქმნება ორთქლი, რომელიც საჭიროა ორთქლმავლის ასამუშავებლად… ერთი გრადუსი, ერთი ნაბიჯი, ერთი გადაწყვეტილება…. თქვი: „უფალი ჩემი მწყემსია!…“  მიჰყევი მის ხმას, ის წაგიყვანს წყნარ წყლებზე და მოგასვენებს თავის სიმშვიდეში… მიენდე შენი ცხოვრების ბობოქარ ქარიშხლებში ღმერთს და დარჩი მშვიდად, რადგან უფალი შენი მწყემსია…

Loading...