უფალო, გელოდები…

0 113

გუშინ კარი გავაღე, მერე ისევ დავხურე… შემდეგ ცოტა ხანს საწოლის კიდეზე ვიჯექი, თან ყველაფერზე ვფიქრობდი, თან არაფერზე… ბოლოს ავდექი, კარი სწრაფად გავაღე და მოვტრიალდი, ისევ რომ არ დამეკეტა. ხელები დამეცვარა და გული ამიჩქარდა… არ ვიცი, თუ შემოხვალ; არ ვიცი, თუ კიდევ გინდა ჩემი ნახვა; იქნებ აღარ დგახარ ჩემს კართან; იქნებ იმედები გადაგეწურა ჩემზე… იქნებ დაინახე, გუშინ რომ გავბრაზდი დედაზე და არ მოგეწონა; დამალვას კი ვცდილობდი, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერს ხედავ…

ჰოდა რას ვამბობდი… კარი რომ გავაღე, მოსვენება დამეკარგა… დასაძინებლად წავედი, მაგრამ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ვფიქრობდი: „ეს-ესაა გამოჩნდება“, „ახლა მისი ნაბიჯების ხმას გავიგებ“, „აი, ახლა უნდა დამელაპარაკოს“… მთელი ღამე მხოლოდ მშვიდი ნიავის ხმა მესმოდა, რომელიც თითქოს ჩემი გულის რიტმს აყოლებდა ფოთლების შრიალის ხმას… თენდებოდა, ორპირი ქარი დატრიალდა და ნერვიულობისაგან მოყინული კიდურები უფრო მეტად მომეყინა; ვიფიქრე, რომ შენ იყავი; შენს ხმას ქარის ხმაურში ვეძებდი…

სიმართლე გითხრა, არ ვიცი, როგორ ისმის შენი ხმა, მაგრამ მგონია, განსაკუთრებული უნდა იყოს, იმდენად არაჩვეულებრივი, რომ ყველასგან გამოვარჩევ. უძილობისაგან შეწუხებული საწოლზე წამოვჯექი და გამომშრალი თვალებით ყველა კუთხეში ვიყურებოდი, ჭერზე, იატაკზე… ქარს კარი მიუხურავს… რა იცოდა უგუნურმა, შენთვის რომ გავაღე… შემდეგ ვიფიქრე, უბრალოდ სახელით დაგიძახებდი და მიხვდებოდი, რომ გელოდი; არ ვიცოდი, რა მეთქვა, მხოლოდ სიტყვა „უფალო“-ს ვიმეორებდი დაუსრულებლად… ჩემთვის ვბუტბუტებდი… ამ სიტყვამ გამათბო; უცებ ისეთი ახლო გახდი, ისეთი მეგობრული… გამეღიმა… სიხარულისაგან გამეღიმა; მივხვდი, ოთახში რომ შემოაბიჯე… ცოტა ჩავიჩოჩე კიდეც, შენთვის ადგილი რომ გამეთავისუფლებინა ჩემ გვერდით. ვგრძნობდი, რომ ჩემ გვერდით იჯექი; არაფერს მეუბნებოდი, მაგრამ შენი იქ ყოფნა უკვე ყველაფერი იყო, ყველაფერს ამბობდა, ყველაფერი ცუდი მიჰქონდა, ყველაფერს სიხარულით ავსებდა… მე კი ვსაუბრობდი, გაუჩერებლად და წრფელი ემოციით, სწრაფად და გაურკვეველი სიტყვებით, ხან ცრემლებით, ხან კი სიცილით… ბოლოს თითქოს გულში ჩამიხუტე და იმხელა სიყვარული გადმომეცი, თავი ყველაზე მდიდარი ადამიანი მეგონა დედამიწაზე…

ამ წერილს იმიტომ გიწერ, რომ დეიდა როზამ მითხრა, დაწერილსაც კითხულობსო, მე კი შეიძლებოდა, საუბრისას რამე გამომრჩენოდა…

შენი მისამართი არ ვიცი, მაგრამ წერილს ფოსტაში დაგიტოვებ, თვითონ მიაკითხავ, ალბათ.

მოკლედ, რომ იცოდე, კარებს ამაღამაც ღიას ვტოვებ… ისევ მოდი…

Loading...