უფლის სიტყვა – ჩემში ჩამარხული ძალა

0 144

სამყაროს შუაგულში ვდგავარ და მოაბიჯებს ტკივილთა ჯარი, თითქოს ყოველი გზა ჩემკენ მოდის, სადაც ტკივილი დაიარება. ხალხის ხელები, ჩემკენ გამოშვერილი უსამართლოდ ბრალს რომ მდებს, უფრო ნათელს ხდის ჩემს სამყოფელს და სადაცაა, უსამართლობა ტკივილთან ერთად პირს დააღებს და ჩამყლაპავს.

ერთი ცალი ვარ, ერთი ცალი, სამყაროს შუაგულში მდგარი, სამართალს მტვერი დაედო და კაბა გაეცრიცა, ნაცნობმა სხეულებმაც ზურგი მაქციეს და გაუჩინარდნენ. საკუთარ სხეულზე არსებულ ტალახს იფხეკენ და მე მესვრიან, მაიძულებენ, მიწის მტვერი ავიკრა ტანზე.

სამყაროს შუაგულში, კლდის პირას მდგარს შიში მიპყრობს, შიში მარტოობის, შიში სამართლის დაკარგვის, შიში იმისა, რომ უიმედოთა ქალაქი შენებას გააგრძელებს ჩემ გარშემო.

თუმცა, ყველასგან მიტოვებულს, ერთი რამ არასდროს მტოვებს, ერთი რამ გამუდმებით ხმამაღლა ისმის ჩემს გულში, გულში ჩამარხული წერილი ღვთისა. იმედი იმისა, რომ სიმართლისა და ნუგეშის მეფე ამ შტორმში ჩამომძახის:

მე შენთან ვარ,

შენთან ვარ,

ნუ გეშინია!

და ვიხრები მიწად, ხელში ფსალმუნთა უჭკნობელ კონებს ვიღებ და ჩუმად წარმოვთქვამ:

შენ ხომ მაინც ჩემთან ხარ, უფალო,

შენ ხომ მაინც ხარ,

შენ ხომ მაინც ხარ.

და ტკივილი თანდათან უკან ბრუნდება, ჩემკენ უსამართლოდ გამოწვდილი ხელებიც ძირს ეშვება, კლდის ნაპირებს ვშორდები და შემიძლია, სამყაროს დასალიერში ჩავიდე იმის ძახილით, რომ უფალი ჩემთან, ჩემ გვერდით, ჩემთან ახლოს, ჩემს გულთან მდგარი ჩემთვის ფხიზლობს.

წერილი ღვთისა, რომელიც შენს გულში ჩამარხულა, საჭირო დროს ამოიზრდება და ყვავილივით გაიფურჩქნება, სურნელებას მოჰფენს შენს გულსა და გონებას, დათრგუნავს შენში ჩაბუდებულ უიმედობას, შიშს და კიდევ ერთი ისტორია დაიწერება იმის შესახებ, რომ მამა გესაუბრება; რომ მამა არ წყვეტს შენს ნუგეშისცემას; რომ მამა გამუდმებით შენს მხარეს დგას; მამა, რომელიც სამართლისა და სიმართლის ფერია; მამა, რომელიც სიყვარულის ფერია; მამა, რომელიც ნუგეშისა და იმედის ფერია.

როგორც დავითი იტყოდა თავის ფსალმუნებში:

„შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის – ჩემი მრჩეველნი არიან ისინი.“ (ფსალმუნი 118:24)

და მართლაც:

უფლის სიტყვა ჩემში ჩამარხული ძალაა, ძალა, რომელიც არასოდეს მტოვებს!..

 

 

Loading...