უფლის წუხილი დაკარგულ კრავზე

0 154

– ჩემო შვილო, ჩემგან მიდიხარ?

– ჰო, მამა, მე მსურს თავისუფლება.

– მაგრამ საბრალო კრავი გიპოვე და გამოგგლიჯე მგელთა ხელიდან.

– მე არ მსურს მონად გადამაქციო, მე შენი შვილი არც კი ვყოფილვარ.

– და  ჩემს კალთაზე გაზრდილი ჩვილი ამბობს, რომ თურმე მამად არ ვღირვარ?

– არა, უფალო, არ მსურს მარადჟამს ანგელოზებთან ერთად მატარო, არა, არ მინდა მონად დაგიდგე, მე მთებში უნდა გავინავარდო!

– მე მონად არ მსურს გადაგაქციო, ეს დამონება არ არის, შვილო. შენს ნაფეხურებს კვალდაკვალ დავდევ, რომ სადმე ჭმუნვა არ მოგეკაროს. რამდენი ორმო ამომივსია, შენს ფაქიზ ტერფებს მშვიდად რომ ევლო, ჩემო პატარა კრავო უფლისა, როგორ არ მინდა, რომ დამეკარგო.

– გამიშვი ხელი! არ მსურს ვისმინო, საბრალო ღმერთის წუხილი ჩემზე.

– მიყვარხარ, შვილო და ვტირი ახლა, რომ გიშვებ მარტოს შავეთის ველზე…

მე გამოვგლიჯე ღმერთს ჩემი ხელი

და მისმა ცრემლმა გზები დანამა,

უფლის კალთებს რომ მოსწყდა ჩვილი,

ამაზე მწარე არის, განა რა?!

ყველაფერი დაიწყო წამიდან, წამიდან, რომელსაც სიკვდილის მელოდია ჰქვია. უფლის ხელს ძლიერად გამოვგლიჯე ჩემი ხელი და მის ცრემლებს უფლება არ მივეცი, ჩემს გულზე დაცემულიყო. ვფიქრობდი, განა ღმერთს არ ჰყავდა არავინ, ვისაც დაელაპარაკებოდა? ვინც მარტოობას არ აგრძნობინებდა? მე ვხედავდი ღმერთს მარტოსულს, მიტოვებულს, თუმცა ვცდებოდი. ეს მე ვიყავი მარტო უფლის გარეშე, ეს მე ვიყავი, ვისაც სჯეროდა, რომ თავისუფლებაში ხალხი ელოდა, რომელთან ერთადაც იფრენდა.

მე იმ ფრთებით დავიწყე აფრენა, რომლებიც ოდესღაც უფალმა მაჩუქა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მე არ ვიცოდი მათი გამოყენება. გზად კაცი შევნიშნე, რომელიც მარტო ხეტიალობდა ბნელ ადგილებში. ის განწირული კიოდა და მისი ფრთები მიწად იყო დაცემული, თუმცა როდესაც დამინახა, დახმარება შემომთავაზა. მითხრა, რომ ფრთების გამოყენება იცოდა. მეც დავმორჩილდი, მაგრამ შევცდი. მან ფრთები მომამტვრია და მეც მასთან ერთად დაცემული აღმოვჩნდი. ამ დროს გავიგონე ზეციდან ანგელოზთა გლოვა. ამ წამიდან დაიწყო მოგზაურობა ჯოჯოხეთში.

მე ვერ გავფრინდი თავისუფლებაში, თუმცა ხოხვით და ტანჯვით მივაღწიე თავისუფლებას, რომელიც მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა და ეს იყო ადგილი, სადაც სატანა მეფობდა. მე დავიწყე ყვირილი, ვინანე, თუმცა დავაგვიანე. სატანა მაჩვენებდა იმ კადრებს, როცა ის ზეიმობდა, მაშინ როდესაც ღმერთს ხელი გავუშვი. მე დიდებულად შემმოსა მან, ყველაზე ლამაზი სამკაული ჩამომკიდა და ისე შემიტყუა თავის სამფლობელოში. შემიტყუა და მიმაგდო. ტალახში ამოსვრილი, ფრთებმოტეხილი და დასახიჩრებული ვიყავი. არ არსებობდა სიმშვიდე, ერთი წამითაც არ მიგრძნია სურნელი სიცოცხლისა. მწყუროდა ის სიმშვიდე, რომელსაც გამოვექეცი. არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა, თუმცა, უეცრად, დავინახე, როგორ მოემართებოდა ჩემკენ კაცი, რომელსაც არც ერთი ბოროტება არ ჰქონდა მოცხებული ტანზე. ვხედავდი კაცს, რომელსაც სუფთა პერანგი ეცვა, არც კი იყო დასვრილი, თუმცა მის ორივე ხელზე დიდი ნალურსმევი შეიმჩნეოდა. ის ჩემკენ მოდიოდა, თუმცა არ მჯეროდა, არ მჯეროდა, რადგან ის ჰგავდა ღმერთს, რომელსაც გამოვექეცი. ის  ჩემამდე მოვიდა, სპეტაკი სამოსით ტალახში შემოვიდა ჩემ გამო და მითხრა:

– სანამ არ დაგვიანდა, გამომყევი მე.

– მაგრამ, უფალო, მე აღარ შემიძლია ფრენა და არც სიარული.

– ნუ გეშინია, უბრალოდ მომეცი ხელი, რომ დაგეხმარო.

მე ხელი გავუწოდე მას, მან კი ხელში ამიყვანა და გამიყვანა სატანის სამფლობელოდან. გამიყვანა და მიხვევდა ჭრილობებს, რომელიც სატანამ მომაყენა. მისმა ცრემლებმა მთლიანად გაწმინდა ჩემი დასვრილი სხეული და მე გადავწყვიტე, აღარასდროს, აღარასდროს გამეშვა ხელი მისთვის.

Loading...