უღმერთობა გვსჯის

0 191

სიტყვა „დასჯა“ ღრმა ბავშვობიდან იღებს სათავეს და ზრდასრულობაშიც იკიდებს ფეხს. ასაკის მატებასთან ერთად სასჯელის სიმძიმეც იმატებს ხოლმე, თუმცა ამ სიტყვის არსი ყოველთვის ერთია – ჩვენივე ქმედებაზე პასუხისგება. დამსჯელი ყოველთვის ჩვენზე ძლიერად გვევლინება და ჩვენც შიში გვიპყრობს, ბუნებრივია… მამები კი, ყოველთვის საუკეთესო დამსჯელებად მიაჩნიათ.

მაშინ, როდესაც მარტონი ვართ უკიდეგანო ბურუსით მოცულ ცხოვრებისეულ ქარიშხლებში, ყველაფერი ჩვენზე ძლიერია. ძლიერია სისუსტე, ძლიერია ძირს დაცემა, ჩვენზე ძლიერია ყველაზე უმწეო არსებაც კი, და სწორედ აქედან იწყება არსებობის შიში. ჩვენ, როცა მარტონი ვართ, ანუ, როცა ღმერთს ვტოვებთ, ღმერთი კი არა, უღმერთობა გვსჯის.

კედლებთან მიხეტებულ, სინათლით ვერგამძღარ ცხოველს ვგავართ, უმისამართო ხეტიალით გადაღლილსა და… უფრო საბრალოს. ჰო, ხშირად სწორედ უმისამართო წერილები ვართ, ვტოვებთ ღმერთს და ცხოვრებისეული სირთულეების წინააღმდეგ მარტონი ვილაშქრებთ, მერე ვმარცხდებით და… ძირს ვეცემით. სწორედ ამ დროს იწყება დასჯის შიში. ჩვენ გვეშინია ჩვენზე ძლიერის. მოდის მეათე, მეასე სირთულე და ვამბობთ: „ღმერთი მსჯის“, მაგრამ… მეგობარო, ღმერთი კი არა, უღმერთობა გვსჯის!

ათასი კითხვა გვებადება, გვიკვირს, თუ რატომ არის ამდენი სირთულე, როგორ მოვედით აქამდე. გვიჭირს კიდეც იმის აღიარება, რომ ღმერთმა კი არ მიგვატოვა, ჩვენ მივატოვეთ ღმერთი. მეგობარო, რა მიატოვე შენ? სიბნელე თუ სინათლე? ტკივილი თუ სიხარული? სიკვდილი თუ სიცოცხლე? უფალი ამბობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6). რომელ გზას ირჩევ შენ? ვის ან რას უკავია მთავარი ადგილი შენს ცხოვრებაში? შეცდომების აღიარებისთვისა და პატიების თხოვნისთვის არასდროსაა გვიან; მთავარია, რამდენად გულწრფელია სინანული, რადგან „ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა“ (1-ლი ნეშტთა 28:9).

თუ დღეს შენზე ძლიერია შიში, სისუსტე, პრობლემები და განსაცდელები, შემობრუნდი ღმერთისკენ და უთხარი ეს მას. ნუ იფიქრებ ღმერთზე, როგორც საუკეთესო დამსჯელზე, რადგან ხშირად, როცა მარტონი ვართ, ანუ, როცა ღმერთს ვტოვებთ, ღმერთი კი არა, უღმერთობა გვსჯის…

Loading...