უცხოა მიწა…

See related images:
0 17

ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ირგვლივ ყველაფერი „დუმს“, თითქოს ხელის ერთი მოძრაობით ამომრთველი გადაატრიალეს და ელექტროენერგია გამოირთო, თითქოს ერთბაშად ჩამობნელდა და საავდრო ღრუბლებს დაემსგავსა შენი შინაგანი მდგომარეობა. მარტო დარჩენილს საკუთარი თავი გეუცხოება და საკუთარი ფიქრები გაშინებენ. ვერ ხვდები, როგორ მოხვედი აქამდე, დაორთქლილ მინას ცხელ შუბლს აყრდნობ და მინის მიღმა მოსიარულე ადამიანები ლანდებად გეჩვენებიან. უცხოა მიწა, საკუთარი ხელებიც კი და ძნელია უპასუხო კითხვას: „ვინ ხარ?“ ანგარიშმიუცემლად დააბიჯებ კითხვების გროვაში და პასუხებს ეძებ…

სავსეა სამყარო შენ ირგვლივ  და რაც მეტია სისავსე, მით მეტად გრძნობ სიცარიელეს საკუთარ შინაგანში… არ იცი, ვინ ხარ; როდის გაუუცხოვდი საკუთარ თავს; როდის დაახარისხე ადამიანები, ფასეულობები, პრინციპები; როდის მოისროლე ურნაში ადამიანური ურთიერთობები; როდის გახდა საკუთარი ეგო ასე მნიშვნელოვანი, როდის? როდის? ისმის გონებაში და თვალებს ხუჭავ. მატარებელი მიქრის, მიდიხარ უმისამართოდ და არ იცი, სად იქნება ბოლო გაჩერება; არ იცი, როდის დაიძახებს გამცილებელი, რომ მგზავრებმა ვაგონები უნდა გაათავისუფლონ. წასასვლელი არ გაქვს. გაყინული ხელებით ებღაუჭები სავარძელს, თითქოს ერთადერთი ყოფილიყოს, რაც გაგაჩნია. ადამიანთა სიცილი ექოდ მეორდება შენში და ტირილი გინდა. გინდა, ცრემლებით გარეცხო საკუთარი სული ყველა იმ სიბინძურისგან, წლების განმავლობაში სქლად რომ დასდებია გახუნებულ სინდისს… არ იცი, ვინ ხარ…

ერთ წერტილს მიშტერებული თვალებით იყურები და ცდილობ აღიქვა, რა ხდება გარშემო. ხელებს ცისფერი ძარღვები ლიანებივით შემოხვევიან და გინდა გაიხსენო, როგორი იყავი 5,10,15 წლის წინ… თვალებს ხუჭავ და ცდილობ წარმოიდგინო სუნი, რომელიც ბავშვობასთან გაკავშირებს. ბალახისა და მიწის სუნს გრძნობ. ხედავ ფეხშიშველ გოგონას, მხიარული კისკისით რომ დარბის გვირილებით მოჩითულ მინდორში და თმაში ყვავილებს იწნავს… მატარებელი ირწევა და მუჭში მომწყვდეული პეპელასავით გისხლტება მოგონება. წარბებს ჭმუხნი და კვლავ ხუჭავ თვალებს, მაგრამ ამჯერად ახალგაზრდა ქალს ხედავ, კუპრივით შავი თმა რომ ჩამოშლია ბროლივით ყელზე, დაღლილ თვალებში სინაზე და გაუგებარი, ჯერ არჩადენილი დანაშაულის გრძნობა იკითხება; სუნთქვაშეკრული, ფეხაკრეფით დგება და ბავშვს საბანს უსწორებს… დახუჭული თვალებიდან ცრემლები ჟონავს და სადღაც, შიგნიდან ხმამაღალი ქვითინი იფეთქებს ვულკანივით…

დაჭმუჭნილ ხელებს ჩასჩერებიხარ და გამჭვირვალე კანქვეშ მფეთქავ ცისფერ ძარღვებს უმზერ… არ იცი, ვინ ხარ. მოგონებებშიც უცხო „ადამიანები“ დაგხვდნენ. თითქოს სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებას კითხულობდე. თითქოს დრო გკარნახობდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყავი იმ მომენტში. თითქოს იმას აკეთებდი, რაც საჭირო იყო… და მაინც ცარიელი ხარ… აღარსადაა გვირილებით მოჩითული მინდორი და თავშესაფრის ცივ და „საქმიან“ კედლებში არც შვილი გელოდება… „შვილი“ – იმეორებ ჩურჩულით და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით წითლდები… სინანულის გრძნობამ  თითოეული უჯრედი მოიცვა და გგონია, რომ ვიღაც განწირული ყვირის შენში, შენ კი გააფთრებული ჩაფრენილხარ ყელში და საშუალებას არ აძლევ, სათქმელი ბოლომდე თქვას. ცდილობ, მოიგო ომი საკუთარ თავთან, მონანიების გადაუდებელი განცდა გიპყრობს…

უცხოა მიწა და ზეცას უმზერ. თვალებში უჩვეულო სიმშვიდე გაქვს და ხვდები, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ჩამოდიხარ პირველივე გაჩერებაზე და ტაძრის გზას ეძებ, ჯერ არგანცდილი სიმშვიდე რომ გიზიდავს მისი წარმოდგენისას და იცი, რომ აღარაფერი იქნება ძველებურად…

Loading...