„უწყინარი“ შური

0 282

ვიდრე გააზრებულად მივუდგებოდი ქრისტიანობას და ქრისტეს სწავლებას, ჩემს ერთადერთ ცოდვად ბილწსიტყვაობას მივიჩნევდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არ მაწუხებდა ამ ცოდვაში ცხოვრება და თავს კომფორტულად ვგრძნობდი.

გადიოდა დრო და რაც უფრო ვიზრდებოდი ქრისტეს მოძღვრების შემეცნებაში, რაც უფრო ვუახლოვდებოდი სინათლეს, მით უფრო მეტ სიბნელეს ვხედავდი საკუთარ გულში და ვხვდებოდი, რომ ცვლილების დრო იყო. თურმე ბილწსიტყვაობაზე არანაკლებ საშიში ყოფილა ის ცოდვები, რომლებიც შესისხლხორცებული მქონია და ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს ყველაფერი ცოდვა იყო.

არ მსურს, ჩამოგითვალოთ ეს ცოდვები, თქვენ ისედაც კარგად იცით ისინი, მაგრამ მინდა, გამოვყო ერთი ცოდვა.

სხვა ცოდვებისაგან განსხვავებით, შური ბევრად შეუმჩნეველია, მით უმეტეს, თუ ადამიანს ეხერხება მსახიობობა. შური, ეს არის ცოდვა, რომელიც ცვლის მთელ შენს მსოფლმხედველობას; გაიძულებს, ყველგან და ყოველთვის საკუთარ თავს ადარებდე სხვას, და ყველას და ყველაფერს მუქი ჭრილიდან უყურებდე.

ეს არის ცოდვა, რომელიც გაიძულებს, აღიქვა ძმები, დები, თანამშრომლები კონკურენტებად. ცოდვა, რომელიც აბრმავებს შენს გულს და გაწყებინებს ბრძოლას მთელ სამყაროსთან; სადაც შენი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ ყველამ აღიაროს შენი განსაკუთრებულობა, სიდიადე, გამჭრიახობა და კიდევ მრავალი რამ, რაც რეალურად, შეიძლება, არც კი გაგაჩნია, ოღონდ ამ დროს შენ ჩვეულებრივი, მოღიმარი და უწყინარი სახე გაქვს და „ალელუიასაც“ დამაჯერებლად შესძახებ ხოლმე.

„მაგრამ თუ გული მწარე შურითა და შუღლით გაქვთ სავსე, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ.“ (იაკობი 3:14).

მე ვყოფილვარ შურით და შუღლით შეპყრობილი და ვიცი, როგორ ფიტავს და ძარცვავს ეს ცოდვა ქრისტიანს ღვთიური სიხარულისა და კმაყოფილებისაგან…

„ისევ ის შეაქეს. მე ვეღარ მამჩნევენ. მის ფოტოებს მეტი მოწონება აქვს. მას უკეთესი მანქანა ჰყავს. ის დააწინაურეს, არადა მე ვიმსახურებდი. ამ საქმეს გავაკეთებ, იქნებ ახლა მაინც მიხვდნენ, რომ მასზე უკეთესი ვარ. ალბათ, ის ჩემზე მეტად უყვართ…“

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. თვით სახარების ქადაგებაც კი ყოფილა შესაძლებელი შურის და არა სიყვარულის გამო. „თუმცა ზოგიერთი შურითა და ჯიბრით, ზოგი კი კეთილი განზრახვით ქადაგებს ქრისტეს.“ (ფილიპელთა 1:15).

ნებისმიერ მომენტსა და სიტუაციაში, სულ რომ სასიხარულო ატმოსფერო იყოს შენ ირგვლივ, ვერ შეძლებ გახარებას, რადგან შური ცდილობს, დაგანახვოს თანამშრომელი კონკურენტად და მოყვასი – მტრად.

შურიანი ადამიანი, ეს არის მოტყუებული ადამიანი, რომელსაც ვერ გამოიყენებს ღმერთი თავის საქმეში. განა პირველი მკვლელობაც შურის ნიადაგზე არ მოხდა?! (დაბადება 4:1-8).

„რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა.“ (იაკობი 3:16).

თუ ორი ქრისტიანი ერთმანეთს ეჯიბრება, აუცილებლად გაიმარჯვებს ეშმაკი.

ასე რომ, ნუ მივცემთ სატანას ადგილს. დაე, შევიმოსოთ ქრისტეს თავმდაბლობით, გვიყვარდეს, გავუფრთხილდეთ და საკუთარ თავებზე მეტად შევრაცხოთ ერთმანეთი.

გაკურთხოთ უფალმა!

 

Loading...