ქრისტე სტუმრად (საშობაო ამბავი)

0 715

ერთ პატარა სოფელში შობის დღესასწაული ახლოვდებოდა. ნეტავი გენახათ, რა სიხარულს ჰქონდა ადგილი! საშობაო სამზადისი ყველაფერს აცოცხლებდა. იქ მცხოვრებნი სახლებს შიგნიდან და გარედან საოცრად რთავდნენ, ერთმანეთსაც კი ეჯიბრებოდნენ ხოლმე მორთვა-მოკაზმვაში. საკმაოდ შეძლებული სოფელი ითქმოდა ჩვენს პაწაწკინტელა სოფელზე. ერთადერთი, მინავლებული და მიფერმკრთალებული – ეს იყო ობოლი ბიჭის სახლი, რომელიც სოფლის ბოლოს იდგა. მხოლოდ ის ეგებებოდა შობის დღესასწაულს უქეიფოდ და სევდით სავსე. მას ხომ დიდი უბედურება დაატყდა თავს ცოტა ხნის წინ.

მაგრამ ვის ახსოვს ეს „ობოლი ბიჭუნა”?! ახლა ხომ შობაა! შობას ყველაფერი მხიარულად უნდა იყოს!

აი, დგება ის დღეც. ბედად ციდან თოვლის ფიფქებიც იწყებს ცვენას. ეზოში ბავშვების ორომტრიალია. თოვლის ბაბუებს აბურთავებენ, ნაძვის ხეებს რთავენ. დასვენებაა და დიდი თუ პატარა გარეთაა.

ანაზდად, სოფელში ერთი უცხო ადამიანი შემოდის. დაძონძილი სამოსლით, უსიამოვნო შესახედაობის… გაძვალტყავებული… აშკარად დახმარებას მოკლებული. აქაურები არ იყვნენ ჩვეულნი უცხო სტუმრებს… არავინ დაინტერესდა, არც ერთმა არ მოისურვა განწყობის შეცვლა, იმიტომ, რომ…

თუმცა, რა დროს ესაა! შობაა, ბოლოს და ბოლოს!

უკვე მოსაღამოვდა და კარზე კაკუნის ხმა გაისმა, იმ სახლის კარზე, რომლის მიგნებაც ამ ღამეში გაგიჭირდებოდათ. ეს ზუსტად იმ ბიჭის სახლი იყო. მან სიხარულით გააღო კარი და თვალწინ ის სოფლის უცხო სტუმარი შემოხვდა. ყველას მიმართ სიყვარულითა და თანაგრძნობით გამსჭვალულმა ჩვენმა ბიჭმა იგი შინ მიიპატიჟა. თავის ღარიბულ სუფრაზე მიიწვია, მცირე ულუფა, რაც თავისთვის ჰქონდა, სტუმარს უწილადა, სამოსი გამოუცვალა, გაათბო… ძალიან უცნაური გარემო შეიქმნა… უკიდეგანო სიჩუმე სუფევდა ოთახში… არც ერთი არაფერს არ ამბობდა. თითქოს ორივეს უსიტყვოდ ესმოდა ერთმანეთის. მხოლოდ ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე. სტუმრის თვალებში კი არნახული თანაგრძნობა და შეუდარებელი სიყვარული ისახებოდა.

შობის დღემ ჩაიარა. დილით ბიჭმა გაიღვიძა თუ არა, სტუმრისკენ გაეშურა, თუმცა ის აღარ იყო. დაღონებულმა მაგიდაზე ფურცელი შენიშნა, სადაც ეწერა:

„მთელი დღე სოფელში მიმოვდიოდი.

ყოველი სახლის კარზე ვაკაკუნებდი.

იქ, სადაც ქრისტეს სინათლის მოლოდინში ფანჯარასთან სანთელი ბჟუტავდა, დავაკაკუნე და არ მიმიღეს.

იქ, სადაც ვახშმის წინ ილოცეს და მადლიერნი იყვნენ ამ დღის გამო, დავაკაკუნე და არ მიმიღეს.

იქ, სადაც ერთმანეთს ქრისტეს გულში დაბადებას უსურვებდნენ, დავაკაკუნე და არ მიმიღეს.

იქ, სადაც გალობდნენ: „მოგვევლინა უფალ ღმერთად, მხსენლად ამა ქვეყნისაო”, დავაკაკუნე და არ მიმიღეს.

დავაკვირდი, რომ ამ სოფელში არავის ახსოვხარ. ამ ამბის ავტორმაც კი თითქოს გვერდი აგიარა. თუმცა არავის ახსოვდი, მე მახსოვხარ!

მუდამ გახსოვდეს, მე ვზრუნავ შენზე, ისე, როგორც ყველაზე. მაგრამ შენთან დავაკაკუნე და გამიღე კარი, შენთან გავათიე შობის ღამე…

ყველამ იცოდეს: აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.”

დაასრულა კითხვა, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩასწვდა, ვინ იყო ის… მთელი დღე ფიქრობდა, გონებიდან არ უვარდებოდა სხვადასხვა აზრები… და ბოლოს გაახსენდა ნაწყვეტი წმინდა წერილიდან:

„მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მიპატრონეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ? მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.”

ყველაფერი ცხადი გახდა. სასწაული მოხდა, სასწაული!

და ბიჭის შინაგანში გაიღვიძა მიძინებულმა სიხარულმა! და ეს სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ მას ვერ დაიტევდა ვერც თვითონ ის, ვერც ის სახლი, ვერც ის სოფელი და ვერც მთელი ქვეყნიერება!

Loading...