ღმერთი, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა…

0 41

მიუწვდომელ ნათელშია დამკვიდრებული… განუსაზღვრელია მისი ძალა, შეუძლებელია მისი შემოსაზღვრა, არასოდეს ყოფილა წამი, როცა ის არ არსებობდა და ვერასოდეს დადგება დრო, როდესაც ის არ იარსებებს. მისი არსებობა არაფერზეა დამოკიდებული. არ მოიპოვება ადგილი, რომელსაც ის არ აღავსებს, ქმნილებათა შემოქმედია, აბსოლუტურია მისი ნების გავლენა ხილულსა და უხილავზე, მის მიერაა და მას ემორჩილება ყველაფერი.

მისი სრულყოფილების ცვალებადობა შეუძლებელია. მისი სიწმინდე მუდმივია. მის სიცოცხლეს არ აქვს დასაწყისი. ყოველივე მისით დაიწყო. შეუძლებელია, არსებობდეს ვინმე მასზე დიდი, ძლიერი, წმინდა, სრულყოფილი, ნათელი, მასზე ბრძენი, მასზე კეთილი…

ის მზეს აძლევს სინათლეს, მისი ძალით დგას სამყარო, მისი სიცოცხლის ძალით სუნთქავს ყველაფერი, მისი ნებით აღმოცენდება უმცირესი ყლორტი და მისივე ნებით დგანან მიუწვდომელი მთები. მისი ნებით იძვრის ნიავი და მისით იძლევა ზეცა წვიმას. ის თავად არის სიცოცხლეცა და სიცოცხლის შემოქმედიც, თავად არის სინათლეცა და სინათლის მიმნიჭებელიც. ის მეფე იყო საუკუნეთა უწინარეს და კიდევ უწინ, მას ქედს უხრის სამყარო, გამუდმებულად სცემენ თაყვანს, არც ერთი წუთით არ მცირდება მისი დიდება…

ის ღმერთია. ის ღმერთია, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არასოდეს დასჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს ვერაფერს შევმატებდით ადამიანები, ვერაფერს მივცემდით ისეთს, რაც უკვე არ აქვს, ვერაფერს შეცვლიდა ჩვენი არსებობა. ის ღმერთია, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა.

იცოდა, რომ დაგვკარგავდა. იცოდა, რომ მივატოვებდით, გულს დავუჭრიდით და საკუთარ ჭრილობებსაც მას დავაბრალებდით. იცოდა, რომ იმავე ხელებს დავულურსმავდით, რომლითაც გვქმნიდა, მის მიერ შექმნილ დედამიწაზე, მის ხატად შექმნილი ადამიანები, მის მიერ მონიჭებული სიცოცხლით მდგარნი, მთელ ძალას მოვიკრებდით მაცოცხლებლის მოსაკლავად. მან მიატოვა დიდება, გასამართლდა უსამართლოთა მიერ და მოიკლა ქმნილებათა ხელით.

ის სიყვარულის ერთადერთი სრულყოფილი განმარტებაა. ის თავად არის სიყვარული. ის  ღმერთია, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა.

Loading...