ღმერთო, მივდივარ გოლგოთის მთაზე

0 364

ღმერთო, მივდივარ გოლგოთის მთაზე,
მივათრევ ცოდვით შებილწულ ჯვარს,
უფალო, მცივა სისხლიან გზაზე,
ცოდვილ ქარებთან კავშირი მკლავს.

შენ ტირი, მამავ?
მეც ვტირი, ღმერთო…
ეს ისევ სულთა გაყიდვის დღეა,
მე სატანას ვარ გადაცემული
და მისთვის კვდომა სიცოცხლის მზეა.

მე მცივა, მამავ,
მე მტკივა, მამავ,
ცოდვის სისხლსა და ქარში ვდგავარ,
ჩემს სულს გაწირავს ბოროტის ტყვია,
განწირულსა და ცოდვის მსხვერპლს ვგავარ.

ისევ თოვს სულში,
ისევ ქარია
და მივაბიჯებ გოლგოთის გზაზე,
ნუ ტირი, მამავ, ნუ ტირი, ღმერთო,
ჯვარს მიმყიდიან ცოდვის გზით მთაზე.

ღამით მივყვები სისხლიან ბილიკს
და მივადექი გოლგოთის მთას,
მაგრამ ჩემამდე ჯვარს აცვეს კაცი,
თუმცა საბრალო უცოდველს ჰგავს.

მივედი ჯვართან, ჩემს ცოდვებს ვხედავ,
ჯვარზე გაკრულან უფლის ხელებთან,
ავხედე მამას და მისი სისხლი
წმენდს ჩემს ტკივილებს უფლის ტერფებთან.

დღეს სულთა ყიდვა გაუქმებულა,
არ მცივა, რადგან ვეკუთვნი ზეცას,
ჩემი გულიდან უფლის გულამდე
უხილავ გრძნობით ნაშენ გზას ვხედავ.

დღეს გოლგოთაზე ჯვარს ვაცვი კრავი,
მოვწყვიტე ზეცას უბიწო მსხვერპლი,
აჟღერდა ზეცად სიცოცხლის ქნარი,
ვდგავარ და მწმენდს მე იესოს ცრემლი.

Loading...