ყალბი ქრისტიანობა – სხვის ჩასაქოლად აღმართული ქვა ცოდვილის ხელში

0 142

მის ფეხებთან იყო დაჩოქილი, შეურაცხყოფილი, დამცირებული და ელოდა განაჩენს… ზურგს უწვავდა უამრავი ავადმომზირალი თვალი და ყურებში ზარივით რეკავდა ბრბოს ხმა: „ჩაქოლეთ!“… ჰო, ასეთია მისი განაჩენი და სამართლიანიც, რადგან მან შეურაცხყო რჯულის კანონი თავისი ცხოვრებით… ისრაელის მიწას უმზერდა დახრილი მზერით და ფიქრობდა, რომ ის ბოლო იყო, რის დანახვასაც მოასწრებდა… და აი, უცნობი დაიხარა მიწისაკენ… „ალბათ, ისიც ქვას ეძებს ჩასაქოლად…“ გაიფიქრა მან და შემაძრწუნებელ ლოდინს მიეცა თვალდახუჭული… უსასრულოდ გაჭიმულ წამში გაისმა უცნობის ხმა: „დედაკაცო, არავინ დაგდო მსჯავრი?! არც მე გდებ, წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ!“…

ამ ისტორიის გახსენებისას რამდენჯერ შეგვცოდებია მრუში დედაკაცი, რომელიც იესოს ფეხებთან დაჩოქილი ელოდა სიკვდილს, რამდენჯერ გვიტირია ქადაგებისას ამ მონაკვეთის მოსმენისას, რამდენჯერ გაგვიიგივებია თავი ამ უბედურ ქალთან, რომელიც მასზე არანაკლებ ცოდვილთა ხელიდან მოელოდა დასჯას… ალბათ, ბევრჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი სინდისი გვამხილებდა და ფართოდ გახელილი თვალებით ვხედავდით წყალობის საჭიროებას. ალბათ, არიან ადამიანებიც (მოწიფული ქრისტიანები), რომლებიც ამ ისტორიის მოსმენისას საკუთარ თავს დაჩაგრულის პოზიციაში კი არა, ქვის მსროლელთა რიგებში ხედავენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს გვიყვარს მსხვერპლად თავის წარმოჩენა… ეს ადამიანური, დაცემული ბუნების შედეგია – ვხედავდეთ საკუთარ თავს მუდმივად დაჩაგრულის პოზიციაში; ვეძლეოდეთ თვითშეცოდებას; ვხედავდეთ იესოს სათქმელში იმას, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რასაც მან გაუსვა ხაზი. იშვიათად შეხვდებით ქრისტიანს, რომელიც მცნებას „არ დასწამო ცილი!“ და „არ ინდომო“ , საკუთარ თავს უკითხავს. ჩვენ მივეჩვიეთ ბიბლიის კითხვას მესამე პირში, ვიღაც სხვისთვის, ვისაც შურს, ვინც ცილს სწამებს, ვინც ცრუობს, ვინც ორგულობს… ასეთია ადამიანური ბუნება, უჭირს საუბარი პირველ პირში, უჭირს აღიარება და ყველაფრისთვის სახელის დარქმევა… ბიბლია კი წერილია ღმერთისა იმ ერთი, კონკრეტული ადამიანისათვის, ვინც მას კითხულობს…

ხშირად ვგავართ ხოლმე იმ მონას, 10 000 ტალანტი რომ ეპატია და 100 დინარის გულისათვის მეგობარს ახრჩობს; იმ ფარისეველსაც, ამაყად თავაწეული რომ მადლობდა უფალს იმისათვის, რომ გვერდით მდგომ მებაჟეს არ ჰგავდა, რომელიც თავმოდრეკილი მჯიღს იცემდა გულში და უფალს შეწყალებას სთხოვდა. იმასაც, ვის შესახებაც იესო ამბობდა: „ბევრი მოვა და მეტყვის: ‘უფალო! უფალო!..’ მე კი ვეტყვი მათ: ‘გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო, არასდროს გიცნობდით თქვენ!’“…

ჩვენი ცოდვების არსებობის შესახებ, ხშირ შემთხვევაში, მიტევებისთანავე გვავიწყდება და ეს თვითნებური „ამნეზია“ უფლებას გვაძლევს, ბეწვი ვეძებოთ სხვის თვალებში, როცა დირე ვერ ამოგვიღია საკუთარიდან და სწორედ ეს დავიწყება გვაშორებს ნელ-ნელა პირველ სიყვარულს, ისეთს, იოანეს რომ ჰქონდა იესოს მიმართ. ნაცვლად იმისა, მის მკერდზე გვედოს თავი და მის გულისცემას ვუსმენდეთ, პირველივე გამოცდაზე ვიჭრებით და ჩვენი საქციელით ვამბობთ: „არ ვიცნობ მას!“ ხშირად ამას ისე ჩავდივართ, რომ ვერც ვხვდებით, სად იწყება სიყალბე… ერთხელ რომ ითამაშებ და კარგი ქრისტიანის როლს მოირგებ ისე, როგორც პეტრე ეფიცებოდა იესოს, რომ არასდროს მიატოვებდა, მომდევნო როლის თამაში და ქვის სასროლ მანძილზე მოშორება უკვე ნაკლებრთულია და როგორ აღმოვჩნდებით ხოლმე უცხო ცეცხლთან, თავადაც ვერ ვხვდებით…

იქ, სადაც ქრისტიანები ფიზიკურ დევნას არ განიცდიან, არის უფრო დიდი საფრთხე, ვიდრე ამქვეყნიური სიცოცხლის დაკარგვაა და ეს ხორციელი, ყალბი ქრისტიანობაა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანის – სულის დაღუპვა შეუძლია… ჩვენ ვტირით იესოს შესახებ ფილმის ყურებისას, რომელიც მის წამებას ასახავს და ჭეშმარიტად გვგონია, რომ 2000 წლის წინ, იქ რომ ვყოფილიყავით, ჩვენ არ ვიქნებოდით მათ რიგებში, ვინც დაჟინებით ითხოვდა: „ჯვარს აცვით იგი!“… გვგონია და ვერ ვაცნობიერებთ, რომ არასწორი გადაწყვეტილებებით, როლების თამაშით და ყასიდი ქრისტიანობით, ჩვენ უფრო ხშირად გვიჭირავს მათრახი ხელში, ვიდრე ჯარისკაცებს იმ ცნობილ კინოსურათში…

ძალიან ხშირად, დღეს, ქრისტიანობა ქრისტიანობანას თამაში უფროა, ვიდრე უდრეკი რწმენა და ურყევი მორალური პრინციპები, მიუხედავად იმისა, რა გარემოებანი შეიძლება იყოს ჩვენ გარშემო. ეკლესიაში, მსახურებაზე ჩვენ ვამბობთ „ამინ!“ და ამის შემდგომ, ვალმოხდილებს შეგვიძლია აგრესია ვაფრქვიოთ სოციალური ქსელის პირად გვერდზე თუ მავანთა სტატუსის კომენტარებში; ჩვენ ვამბობთ „ამინ!“ და პირველივე განსაცდელისას ვნებდებით; ჩვენ ვამბობთ „ჭეშმარიტად!“ და პირველივე კაკუნზე ფართოდ ვუღებთ კარს და ადგილს ვაძლევთ ეშმაკს… საინტერესოა, სად ქრება ჩვენი მორალი, სიმშვიდე, სიმტკიცე და უდრეკობა?! არსად, ისინი არსად არ მიდიან, იმიტომ, რომ არც არასდროს უარსებიათ; მოჩვენებითობა − ეს ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც მირაჟივით ქრება…

სულიერი ქრისტიანობა – ესაა მოწიფულობა ქრისტეში, ეს უდაბნოგამოვლილი რწმენის გამარჯვებაა… ყველა ჩვენგანი გადის ხორციელ ქრისტიანობას, მოჩვენებითობას, სიყალბეს, ახალგაზრდულ რადიკალიზმს, მაგრამ ეს უნდა გავიაროთ, თავისი სახელი დავარქვათ და დავუპირისპირდეთ… აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუ იესოს ნაკვალევზე ვივლით, რადგან „ის ჩვენთან არის, თუ მასთან ვართ!“ (2 ნეშტ. 15:2).

P.S. ეს სტატია ეძღვნება, უპირველეს ყოვლისა, მის ავტორს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ეს სიტყვები მასაც ეხება. გისურვებთ მხნეობას სულში! უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

Loading...