შენ არ შეგიძლია შეცვალო საკუთარი წარსული − შეცვალე მომავალი!

cheering woman open arms to sunset at seaside
0 38

ვერაფერს მოუხერხებ გრძნობას, რომელიც გამაყრუებლად გიმეორებს, რა უნდა გაგეკეთებინა და არ გააკეთე… გიმეორებს, რომ ბევრი უნდა მოგესწრო… გაცილებით ბევრი და დრო ფუჭად არ დაგეკარგა…

უსიამოვნო, გამაწვრილებელ ტკივილს გრძნობ იქ, სადაც წესით გული უნდა გქონდეს, მაგრამ დაგიფლითეს…

ვერაფრით უშველი ხელიდან ბოლო იმედივით გამოცლილ ადამიანებს, რომლებმაც გაჩვენეს, როგორ თეთრდება დილა შავად და როგორ დადიხარ დღიდან დღემდე ნისლშემორტყმული…

ვერაფერს გახდები ემოციასთან, რომელიც ხერხემალს გიგრეხს… როგორ ვერ გაგიგეს, უარგყვეს, ვერ დაგაფასეს, გატკინეს და მოგაგეს სიკეთის წილ ბოროტი…

შენში იგროვებ მეათასედ დასერილ დარდებს, წუხილს იმისას, რომ ვერ გაპატიეს ადამიანური სისუსტე… ვერ გაიმეტეს სიტყვები: „ადამიანები ვცდებით“, „ამასაც გადავლახავთ“, „შენთან ვარ“… ისეთი განცდა გაქვს, თითქოს, ხანჯალამოღებულნი ელოდებოდნენ შენს წაბორძიკებას იმისათვის, რომ ჭრილობა მოეყენებინათ.

შენ არ შეგიძლია შეცვალო შენი წარსული…

დგახარ ახლა, ჰაერს ყლუპ-ყლუპად ყლაპავ, რადგან სასუნთქი მილი კბილებით გადაგიღრღნეს და ვერ ხვდები გარიჟრაჟს აივანზე, მადიანად ჩასუნთქვამ ფილტვები საბოლოოდ რომ არ გაგიხეთქოს…

თითქოს ხარ და არც ხარ…

თითქოს არც ხარ…

და ყოველ ღამით ფიქრობ, რა საჭირო იყო შენი დაბადება და ისედაც პრობლემებით ავსებული საყვარელი ადამიანების ყოფითობის დამძიმება… რომ შენ მხოლოდ ის შეგიძლია იყო – ვერშემდგარი შვილი…
და მაინც… სამყარო ასეთი რომ არ ყოფილიყო…
იმ კონკრეტულ მომენტში შანსი რომ გქონოდა..
უიღბლო რომ არ ყოფილიყავი…
ასე რომ გაგეკეთებინა ან თუნდაც ისე…
ფიქრობ…

გულის სიღრმეში იცი, რომ ყველაფრის სათავე შენშია, მაგრამ შენ არ შეგიძლია დააბრუნო დრო უკან და შეცვალო შენი წარსული!

დამშვიდდი! მე გადარჩენის სიტყვა მაქვს შენთვის.

შენ შეიძლება არც გსმენია გამამხნევებელი სიტყვები. სიტყვები, რომლებიც ფრთებს ისხამენ, რომლებიც ისეთივე რეალურია, როგორიც შენ ხარ შენი ტკივილის წინაშე, წიგნივით გადაშლილი. სიტყვები, რომლებიც იკვრებიან ერთ სიტყვად, რომელიც თანაარსობს ღმერთთან და სიტყვა, რომელიც „თავად არის ღმერთი“.

დაივიწყე წარსული, მთელი შენი გულით მიენდე ცოცხალ ღმერთს და შენს გონიერებას ნუ მიენდობი. ისწრაფე უფლის შეცნობისკენ და „ის მოგისწორებს ბილიკებს“.

სულის სიმშვიდე მხოლოდ ღმერთშია. შენ, რომელიც ვეღარ სწევ საკუთარ ტვირთს, უფალი გპირდება მოსვენებას. ცხოვრების განმავლობაში კუზივით წამოზრდილი განსაცდელების მიყუჩებას და ახალ ცხოვრებას, რომლის „უღელი სასიამოვნოა“ , ხოლო „ტვირთი მსუბუქი“.

შენ, რომელიც ფიქრობ, რომ ახლიდან დაწყება შეუძლებელია, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ ღმერთის მეშვეობითა და თანადგომით ყველაფერი შესაძლებელია, ისიც კი, რაც ახლა წარმოუდგენლად გეჩვენება. ფერფლიდან აღგადგენს ის და ოდესღაც „არარაობას“ დიდებულ სტატუსს მოგანიჭებს: შენ მის „ძედ“ იწოდები.

ხვდები, რატომ იყო აქამდე შენი ცხოვრება უმიზნო და უფერული?

შენ უნდა დაბადებულიყავი! სამყაროს შემოქმედი, რომელმაც შექმნა ყველაფერი, რასაც ხედავ და რასაც ვერ ხედავ, რაზედაც ოდესმე რამე გსმენია ან არ გსმენია…

დიდებული ღმერთი… მას ისე უყვარხარ… „რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე“, რათა მის მორწმუნეს „ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“.

დგახარ სარკის წინ შებრუნებული და ვერ პატიობ თავს წარსულად ქცეულ ნათქვამსა თუ საქციელს. საკუთარ თავს მსჯავრს სდებ… მაგრამ არსებობს უზენაესი, რომელსაც იმაზე მეტად უყვარხარ, ვიდრე შენ გიყვარს საკუთარი თავი. სიყვარული კი მპატიებელია და არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ირწმუნეს ქრისტე.

წარსულს ვერ შეცვლი, მაგრამ არის ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდე − უფლის მოყვარულთ ყველაფერი სასიკეთოდ ეწევათ.

ის, რაც შენთვის შეუძლებელია, ღმერთისთვის შესაძლებელია. მას შეუძლია უხვად გაკურთხოს და მადლი გაგიმრავლოს. გესმის? იმისათვის, რომ უხვი იყო კეთილი საქმისთვის. ხედავ შანსს, რომელსაც შეუძლია შენი წარსული გააცამტვეროს?

უფალი ამბობს, რომ უძლურებაში ხდება სრულყოფილი მისი ძალა. ამისთვის მხოლოდ მისი მადლია საჭირო. შენი დაუოკებელი წყურვილი ჭეშმარიტების შემეცნებისა, თავმდაბალი და მოსიყვარულე გული. რა ცოტას ითხოვს უფალი, რათა მიგიღოს საკუთარ შვილად! იფიქრე!

იგი გპირდება შენ ძალას, სიყვარულსა და თავშეკავებას. წარსულში ჩაბუდებული სიმხდალის სულის დათრგუნვა მხოლოდ მას შეუძლია. გადადგი ნაბიჯი!

შენ არ შეგიძლია შეცვალო საკუთარი წარსული, მაგრამ შეგიძლია თავიდან დაიწყო და შეცვალო საკუთარი „ფინიში“.

Loading...