შენ წერ საკუთარ ისტორიას

0 37

თითოეული ჩვენგანი  თავად ვწერთ ჩვენი ცხოვრების ისტორიას. ყოველი დღე, ყოველი მიღებული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ისტორიის ნაწილია. მნიშვნელოვანია საკუთარ ცხოვრებაზე, ყოველ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მომავალზე დაფიქრება. დავფიქრდეთ, რამდენად მოგვეწონება ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებათა შესახებ წაკითხვა. ხარ წიგნის გმირი, რომელიც შენს აღფრთოვანებას გამოიწვევს?

რამდენად ნებდები სირთულეებს? რამდენჯერ თმობ და იხევ უკან? როგორი გმირები გიზიდავს? გმირები, რომლებიც ადვილად ნებდებიან, თუ გმირები, რომლებიც იბრძვიან და მაინც იმარჯვებენ მაშინ, როდესაც სხვები უბრძოლველად მარცხდებიან. რომელი გმირი ხარ შენ, ან რომელი გინდა, რომ იყო?

ბოლომდე მოუკვდი შენს ფიქრებს, შენს აზრებს, შენს გრძნობებს და გაჰყევი ღმერთს, გაჰყევი ღვთის სიტყვას. იყავი ბრძენი, რადგან დაწერილია: „შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგება, ნუ განაგდებ მას და ის შეგინახავს შენ. გიყვარდეს იგი და ის დაგიცავს შენ“ (იგავები 4:5-6). რამდენად ბრძენი ხარ ცხოვრებაში? რამდენად მოგწონს შენი ცხოვრების სტილი? როგორი ხარ და როგორი გინდა, რომ იყო? ჩვენი ცხოვრების თითოეული დეტალი უმნიშვნელოვანესია!

არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლია თუ არა წერა, ლამაზად წერ თუ არა, მაგრამ შენ წერ შენი ცხოვრების ისტორიას, რომელსაც ალბათ შვილებს, შვილიშვილებს, ან, უბრალოდ, მეგობრებს მოუყვები. შენს ამბავს თუ სხვებს მოუყვები, რას გაიგებს ხალხი? მიუტან მათ სიცოცხლის სხივს?! იქნები ის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით იტყვის: არა კომპრომისს, რომელიც არ მაშენებს! არა ცოდვას! არა ორი ბატონის მსახურებას?!

იღაღადებს შენი ისტორია ღვთის დიდებაზე? დაამტკიცებ, რომ უფლის შვილი ხარ. არასოდეს დაგავიწყდეს, რომ შენ ხარ ის მწერალი და ის პერსონაჟი, რომელიც თავად გსურს. შენ წერ ისტორიებს და შენ უნდა გადაწყვიტო, იქნები თუ არა ის მწერალი, რომელიც ხალხს გადარჩენის სარკეებს მიუტანს, რომელიც იქნება ნათელი ღვთის სიტყვის და რომელიც საზოგადოების წინაშე თამამად და მტკიცედ წარადგენს თავის ნაშრომს. ბაგეც მეტყველებს იმაზე, რაც გულშია და ხელიც იმაზე წერს, რაც გულშია.

Loading...