შორიდან მოსული ფიქრი

0 151

ხანგრძლივი და დამღლელი დღის შემდეგ სახლში ბრუნდები, კალათდები მყუდროდ შენს კუთხეში, ხუჭავ თვალებს, ირგვლივ სიჩუმეა და ყურებში წუილის ხმა გესმის; აუჩქარებლად, ღრმად და ხარბად სუნთქავ, მთელ სხეულში გრძნობ დაღლილობას; ფეხები, ხელები, ზურგი, კისერი, ყველა კუნთი დაძაბულია, ყველა კუნთი დაღლილია და შენ მხოლოდ ახლა აანალიზებ, თუ რამდენად გამოფიტულხარ ამ დღეს; როგორ დაგღალა მუშაობამ, შრომამ, სწავლამ; დაგღალა სიარულმა, ურთიერთობებმა, ერთი და იმავე საქმის კეთებამ სამსახურში თუ უნივერსიტეტში; დაგღალა ფიქრმა და კიდევ უამრავმა რამემ…

ოჰ, ზუსტად ასე ვარ ახლა ჩემს კუთხეში; მადლობა ღმერთს, რომ საერთოდ მაქვს ეს კუთხე; და ვფიქრობ, თითქოს ცოტა მქონდეს ნაფიქრი დღეს, თითქოს დღეს არ დავეღალე ფიქრს და მაკლდეს იგი, მაგრამ ეს ფიქრი თითქოს შორიდან მოდის, მზის ქვეშეთისას არ ჰგავს.

ვფიქრობ, ერთხელაც, როდესაც ბოლო დღესაც ჩავამთავრებ ამ მიწაზე, როდესაც ჩემი წილი ჟანგბადი გამოილევა, როდესაც ბოლო ამოსუნთქვას სულს ამოვაყოლებ, როდესაც სხეული დაბრუნდება იქ, საიდანაც იქმნა, ხოლო სული დაბრუნდება მასთან, ვინც მოგვცა ის[1], როდესაც ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და მოკვდავი − უკვდავებით[2], როდესაც ის მოგვწმენდს ცრემლებს, [3]აი, მაშინ, სწორედ მაშინ გავაანალიზებთ და მივხვდებით, რამდენად დავუღლივართ ქვეყნიერებას; როგორ დავუღლივართ ხრწნად, მოკვდავ, ცოდვისგან დასახიჩრებულ და ნაჯიჯგნ სხეულს; როგორ დავუღლივართ დროს, სნეულებას, ტკივილს, დეპრესიას, ბრძოლას არსებობისთვის, მარტოობას, სიკვდილის შიშს, ოჰ, რა კარგი იქნება…

ფილიპ. 3:20: „ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზე­ცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს.“

[1] ეკლ. 12:7: „მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი.“

[2] I კორ. 15:53: „ვინაიდან, ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.“

[3] გამოცხ. 21:4: „მოსწმენდს ყოველ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც კვნესა, არც ტკივილი, რადგან წინანდელი უკვე გარდავიდა.“

Loading...