ჩვენთან უკვე გაზაფხულია… – წერილები ღმერთს

0 23

ძვირფასო ღმერთო, ჩვენთან უკვე გაზაფხულია…

გახსოვს? ისე ვიქცეოდი, თითქოს უცხო ყოფილიყავი ჩემთვის, ამ დროს, ალბათ, იმ ადამიანს ვგავდი, რომელსაც სუნთქვა დაავიწყდა.

ვიცი, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ, არც მე ვარსებობდი…

ცივი იყო ზამთარი, იმდენად ცივი, რომ ერთბაშად გაყინა მიწაც, წყალიცა და ჩემი სულიც.

დიდია სულის სიცივე, თითქოს მთელმა ჯოჯოხეთმა გაიარა გულში, აღარ არსებობს სარკმელი და კარი, მთელ სხეულში დაუნდობლად დაქრის სუსხიანი ქარი.

და ეს სულის ზამთარი იმდენადვე მტკივნეულია, რამდენადაც მარტოსული, იმდენადვე უიმედოა, რამდენადაც ცივი.

ამ ცივ უიმედობაში გამახსენდი…

მზის სხივებივით შემოიჭრნენ ჩემს დამსხვრეულ გულში მოგონებები, მოგონებები შენზე, უფალო…

მოგონებები სიყვარულზე – შენს ჯვარზე…

მადლზე, რომლითაც გამომიხსენი, წყალობასა და მოთმინებაზე, რომლითაც მზრდიდი და ეს საკმარისი იყო სულის გასალღობად.

შენ საკმარისი ხარ ზამთრის შესაცვლელად, საკმარისი ხარ თვით სიცივის გასათბობად.

შენ ჩემი მტანჯველი სიცივის დასასრული ხარ;

დილის მზის სხივებია შენი სიყვარული;

სითბო ხარ ჩემი სულისა და  აღმდგენი  ჩემი გულისა.

დიახ, ძვირფასო ღმერთო, ჩვენთან უკვე გაზაფხულია…

Loading...