ჩვენც იქ ვიყავით…

0 52

ცხელოდა… მზის მცხუნვარებაც რომაელი ჯარისკაცებივით დაუნდობელი იყო…

მიწის მტვერი ეკვროდა ცრემლიან თვალებს და ცხელ ჰაერში იკარგებოდა მოტირალთა ამაო გმინვა.

საშინელი სუნი იდგა, ოფლის, სისხლისა და უსამართლობის.

ყვირილით დაღლილთ ძლიერ სწყუროდათ… ზოგს წყალი, ზოგსაც სისხლი…

ერთმანეთს აწყდებოდნენ დამნაშავენი უდანაშაულოს დასჯის მოლოდინში.

ის კი დუმდა…

მტკივნეულად ნელა მოდიოდა.

თითქოს სისხლიანი თვალებით ყველას ერთდროულად უყურებდა.

ზიზღს იწვევდა მისი დამახინჯებული სახე,

თვალებზე ხელს იფარებდნენ სანახაობით შეწუხებულნი.

აი, ქვაც ისროლეს…

თითქოს მის ზურგზე ამოკაწრულ სამყაროს ფერები აკლდა და შემატეს კიდეც.

უჭირდა კიდევ ერთი ნაბიჯის დადგმა ცოდვილ მიწაზე,

უჭირდა ჯვრის ზიდვა და ეკლის გვირგვინის ტარება.

უჭირდა ეთქვა: „მიუტევე, მამა“,

უჭირდა და მაინც თქვა: „აღსრულდა!“

ხის ჯვარზე მძიმე იყო ჩვენი ცოდვები,

ჭრილობებზე მეტად ვაჩნდით,

სისხლის წვეთებზე მეტნი ვიყავით,

ჩვენი განდგომილება უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე წვერის გლეჯა,

ჩვენი დუმილი უფრო ხმამაღალი იყო, ვიდრე ბრბოს შეძახილი.

დალურსმულ ხელებზე მეტად ვტკიოდით.

ეს ჩვენ ვიყავით,

იქ ვიყავით…

Loading...