ჩვენ თავი შევაფარეთ ვირტუალურ სამყაროს: სადაც ისეთები ვართ, როგორებიც გვინდა, რომ ვიყოთ…

0 30

სად გაქრა ადამიანობა? სად გაქრა სითბო?

სად გაქრა სულ უბრალო თანაგრძნობა? იმდენად სწრაფად დაიწყეს ჭენება ისრებმა საათზე, იმდენად აჩქარდა ქუჩებში ხალხის ნაკადი, იმდენად სწრაფად დატრიალდა დედამიწა, რომ დავკარგეთ დროის შეგრძნება… გრძნობების შეგრძნება… ტაში დავუკრათ ცივილიზაციის მიღწევებს. ინტერნეტს, უპირველეს ყოვლისა… ტაში დავუკრათ ჩვენს საუკუნეს, ჩვენს ციფრულ საუკუნეს… მან ხომ ყველა და ყველაფერი ციფრებად აქცია… ჩვენი აზრები, გრძნობები, ცხოვრება… წიგნებს მტვერი ედება… კალმით აღარ ვწერთ… კომპიუტერის თეთრ ფურცელზე ხომ იმდენის დაწერა და წაშლა შეგვიძლია, რამდენიც გვინდა და თანაც, ჩვენი შეცდომების კვალიც არ დარჩება… ვერავინ გაიგებს, რა შეგვეშალა… შედეგად მხოლოდ სრულყოფილი ნაწერი გვექნება… ცხოვრებაც რომ ასე არ არის? დიახ, ჩვენი სიცოცხლე ჰგავს თეთრ ფურცელს თავიდან, მაგრამ როცა წერას ვიწყებთ მასზე, დაშვებულ შეცდომებს ვერაფრით ვშლით და თუ მაინც ვშლით უხეიროდ, კვალი მაინც რჩება… ცრემლების ნაკვალევი… იმედგაცრუება… ტკივილი… ნაკვალევი რჩება…

და ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ: თავი შევაფარეთ ვირტუალურ სამყაროს: სადაც ისეთები ვართ, როგორებიც გვინდა, რომ ვიყოთ − ჭკვიანებიც, ლამაზებიც, სხარტებიც, იდუმალნიც და მიუწვდომელნიც… ეს ყველაფერი მეორედ მოსვლის წინ უკანასკნელ გაბრძოლებას ჰგავს. ვცდილობთ ნაკლები შეხება გვქონდეს რეალურ სამყაროსთან და ვიცხოვროთ ვირტუალურში. ამიტომ გვიჭირს ურთიერთობა, ამიტომ აღარ შეგვიძლია სიყვარული, ამიტომ გადავეჩვიეთ თანაგრძნობისა და სითბოს გამოხატვას. გარშემო ადამიანებს რა სტკივათ, რა უხარიათ, რა უნდათ, სულ ერთი გახდა ჩვენთვის… სხვისი ჭირი − ღობეს ჩხირიო… მერე რა, თუ იმას უჭირს, თუ გული სტკივა, თუ სიცოცხლე აღარ უნდა… მერე რა, რომ ირგვლივ ადამიანები იხოცებიან, რა მნიშვნელობა აქვს: სულიერი შიმშილი მოკლავთ თუ ფიზიკური… მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად… ჩვენ არ დაგვირღვიონ მყუდროება…

გადავეჩვიეთ თითქოს მეტყველებას… გაცოცხლებულ სიტყვებს… მკვდარი ასოებია ჩვენი ურთიერთობის ენა… აღარ გვაქვს დრო ერთმანეთისთვის… სადღა გვცალია, სხვას ჭრილობა შევუხვიოთ, დავამშვიდოთ, ნუგეში ვცეთ… ქუჩაში გამალებით მიმავალნი ვერც ვამჩნევთ არაფრით სავსე თვალების მქონე მოხუცებსა და ბავშვებს… სად გვცალია მათთვის… სად გვცალია, რომ ცოტაოდენი გავიმეტოთ მათთვის ან ფული ან თბილი სიტყვა… მთავარია, ჩვენ არ დაგვაგვიანდეს… მთავარია ჩვენი საქმე არ გაფუჭდეს…

გადავეჩვიეთ თანაგრძნობას… ლუკმის გაყოფას სხვისთვის… აღარ გვინდა, რომ ვინმე დაგვეყრდნოს, რომ ვინმესთვის იმედი ვიყოთ… ეს უკვე ზედმეტი ტვირთია ჩვენთვის… აღარ გვინდა, სტუმრად ვინმე მოვიდეს, ვინმემ რამე გვთხოვოს… ისე კარგად ვართ მოკალათებულნი საკუთარ ნაჭუჭში, საკუთარ ბაკანში, რომ თითის გამოყოფაც აღარ გვინდა იმის შიშით, რომ ოდნავადაც არ შეგვცივდეს, ქარმა არ დაგვიბეროს, წვიმამ არ დაგვასველოს…

ყველაფერი ციფრებად იქცა ჩვენს სამყაროში… ყველაფერი ვირტუალურ სინამდვილეში (???) განაგრძობს არსებობას: სიყვარულიც, თანაგრძნობაც, იმედიც, სითბოც, ყურადღებაც… და ეს ყველაფერი მხოლოდ „მოწონებასა“ და „გაზიარებებში“ გამოიხატება… ისიც არ იცი, რა არის ფოტოს მიღმა… ეკრანი გიყურებს ცივი თვალებით და გითრევს და განაგრძობ ცხოვრებას სხვებივით ციფრების თავბრუდამხვევ სრბოლაში, თითქოს ცოცხალი ადამიანები, ჩვენ, მარადიული სულის მქონე ადამიანები, უსულგულო რიცხვები ვიყოთ მათემატიკურ მატრიცაში…

Loading...