ცოცხალი სიტყვა, ანუ როგორ „აღმოვაჩინე” რეალური ღმერთი

0 641

ალბათ, შენც მჯდარხარ „გაყინულ“ ბიბლიასთან, ჩემსავით. ალბათ, შენც გაგიტარებია დრო მის ფურცვლაში იმ იმედით, რომ რაღაც ახალს „იპოვიდი“ და კიდევ ერთ მუხლს გააფერადებდი, მაგრამ ამაოდ. თუ ასე არ ყოფილხარ, ძალიან კარგი, ნურც გამოგეცადოს! მაგრამ არის რაღაც, რაც სულიწმიდამ ამიხსნა და მინდა, რომ შენც გაგიზიარო. თავიდან, როდესაც პირველად შევიძინე კომპიუტერი (მშობლებმა მიყიდეს), ძალიან მიხაროდა მისი გამოყენება. ვიწერდი თამაშებს, ვთამაშობდი, ვმხიარულობდი, ზოგჯერ ვიგებდი, ზოგჯერ ვაგებდი, მეგობრებთან სათამაშოდ აღარ გავდიოდი, გაკვეთილებს უფრო მალე ვსწავლობდი ან საერთოდ არ ვსწავლობდი, დილით ადრე ვდგებოდი, სკოლაში წასვლამდე რომ მქონოდა თავისუფალი დრო და ღამეც გვიან ვიძინებდი, რათა მეტი დრო მომეტოვებინა მასთან დროის გასატარებლად. თუმცაღა, მოვიდა დრო, როდესაც „დავხურე“ ყველა ის თამაში, რომელიც ასე ძალიან მომწონდა… შემდეგ მეორედ დავიწყე ახლიდან და კვლავაც „დავხურე“…  „Need for speed – Most wanted“ (თამაში ავტორბოლებზე) 4-5- ჯერ მაქვს „დახურული“, ასევე სხვა თამაშებიც… საბოლოოდ, მივედი იმ მდგომარეობამდე, რომ კომპიუტერი ძალზე მოსაბეზრებელი გახდა ჩემთვის… სანატრელი ნივთისაგან ის იქცა ნივთად, რომელიც უბრალოდ დიდ ადგილს იკავებდა ჩემს ოთახში და ამას ისიც ემატებოდა, რომ რამდენიმე დღეში ერთხელ მისი გადაწმენდა მიწევდა, რაც ძალიან მეზარებოდა.

გავიდა არცთუ ისე დიდი დრო და ჩვენს უბანში (სოფელში) ინტერნეტის შემოყვანა გახდა შესაძლებელი… მისი შემოყვანის შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ კომპიუტერი კვლავაც ჩემს უსაყვარლეს ნივთად იქცა. ახლა აღარ მეჩვენებოდა ის ვეებერთელა, უსარგებლო და მოსაბეზრებელ საგნად და მისი გადაწმენდაც აღარ მეზარებოდა, რადგან მასთან კვლავაც დიდ დროს ვატარებდი, შეიძლება მეტადაც, ვიდრე თავდაპირველად… რატომ მოხდა ასე? რამ გამოიწვია ეს? რადგან ინტერნეტის მეშვეობით შემეძლო ყოველდღე რაღაც ახალი აღმომეჩინა იმავე კომპიუტერში, იმავე ოთახში… შემეძლო, მქონოდა ურთიერთობა სხვა ადამიანებთან (არ ღირს ამ ურთიერთობათა შესახებ დაწვრილებით საუბარი, მაშინ ქრისტეს გარეშე ვცხოვრობდი), რის გამოც კომპიუტერი აღარ იყო მოსაბეზრებელი, რადგან ვიჯექი ტექნოლოგიურ მოწყობილობასთან, მაგრამ ურთიერთობა მქონდა ნამდვილ, რეალურ პიროვნებასთან, რომელიც მონიტორს მიღმა იმყოფებოდა…

ჩემო ძვირფასებო, ზუსტად იგივე მოხდა ჩემს ცხოვრებაში ბიბლიის მიმართაც… როდესაც ეკლესიაში მოვედი, არ მქონდა სრული ბიბლია, მხოლოდ ახალი აღთქმა… იგი რამდენჯერმე წავიკითხე… პირველად ძალიან აღფრთოვანებულმა, მეორედ − ნაკლებად აღფრთოვანებულმა, მესამედ − კიდევ უფრო ნაკლებად და ყოველი წაკითხვის შემდეგ ჩემი აღფრთოვანებაც ქრებოდა… ვლოცულობდი, რომ ბიბლია მქონოდა და რამდენიმე დღეში ჩემმა კლასელმა მაჩუქა ის! მახსოვს, როგორ ვიკეტებოდი ოთახში და საათობით ვკითხულობდი. არ გავდიოდი შეყვარებულის სანახავად, რათა ბიბლია წამეკითხა; არ მივდიოდი სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ, რათა ბიბლია წამეკითხა; აღარ მივდიოდი ინტერნეტკაფეში მეგობრებთან ერთად „Counter Strike“-ის (თამაში სპეცრაზმსა და ტერორისტებს შორის მტრულ დამოკიდებულებაზე) სათამაშოდ, რათა ბიბლია წამეკითხა; მაგრამ მოხდა იგივე, რაც კომპიუტერის შემთხვევაში… ის თანდათან უფრო მოსაწყენი ხდებოდა, რადგან უკვე ყველა „ტური“ გავიარე, ყველა წიგნი წავიკითხე. უკვე მიძნელდებოდა ფეხბურთის თამაშის გადადება, მეგობრების უარით გასტუმრება, შეყვარებულისთვის მიზეზების გამოქექვა, რადგან თითქოს ბიბლია გაიყინა, თითქოს დაიკეტა, თითქოს ამოიწურა… სწორედ ამ მომენტში უფალმა კიდევ ერთხელ დაუშვა თავისი წყალობა ჩემზე და მომივლინა შემდეგი გამოცხადება: „ზუსტად ისევე, როგორც კომპიუტერი გახდა მოსაბეზრებელი ინტერნეტის გარეშე (რეალურ პიროვნებასთან ურთიერთობის შესაძლებლობის გარეშე), ბიბლიაც დროდადრო მოსაბეზრებელი ხდება სულიწმიდასთან (რეალურ პიროვნებასთან) ურთიერთობის გარეშე!“

ჩემო ძვირფასო, როდესაც ზიხარ შენს ოთახში, სმარტფონით ხელში და კითხულობ „ვინმეს“ მოწერილს, შენ ეჭვიც არ გეპარება, რომ ეს შეტყობინება რეალურმა პიროვნებამ გამოგიგზავნა… მით უმეტეს, ნუ დაეჭვდები ბიბლიის წაკითხვისას, რომ ის სულიწმიდამ (რეალურმა პიროვნებამ) მოგწერა! ასე, მასთან ურთიერთობაში გაცილებით საინტერესოდ და გაცილებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად დაიწყებ წმინდა წერილის კითხვას! შეუდექი ბიბლიის კითხვას ახლებურად! გაკურთხოს უფალმა!

„არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის ბაგიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).

 

ავტორი: გიორგი ოდიაშვილი

Loading...