ცხოვრება ხელისგულზე მეტევა…

0 31

– ნახე… ვთქვი მე და ხელისგული გავშალე…
– რა, რა ვნახო?
– ნახე, მთელი ცხოვრება მუჭში მეტევა…
– აქ არაფერია… ხელში არაფერი გიჭირავს…
– ვიცი, ამიტომაც გეუბნები, ისეთი პატარაა სიცოცხლე, არც კი ჩანს და მუჭში მეტევა… ერთი მხრივ, სულ რაღაც სამი ათეული წელია ამ დედამიწაზე ვარ, მეორე მხრივ, მთელი სამი ათეული წელია უკვე… ჰმ…
– არ მესმის…
– მე მესმის… ახლა მესმის, რა არის ერთი დღე, ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე… მესმის, რა არის მუჭში მოქცეული დრო…
– ასე ცოტაა?
– ჰო… ისეთი პატარაა ჩემი ცხოვრების გზა, თითზე გადავიხვევ ძაფივით… თითქოს ბევრი მოგონებაა, მაგრამ ერთ პატარა ქილაში ჩავტევ…
– მგონი, თოვს…
– ჰო, თოვს… განვლილი წლები მოგროვილან ჩემს თავზე და მათოვს…
– რა დაგემართა?
– არაფერი და ყველაფერი…
– რა გინდა?
– მინდა, სადმე გავიქცე, მოვკიდო ხელი ჩემს ოჯახს და ამ დედამიწიდან წავიდე… ღმერთთან წავიდე… აქ ბევრი ტკივილია, ბევრი ცრემლი, ბევრი ჭრილობა და გზად დატოვებული ბევრი სისხლის წვეთი…
როგორ უნდა წახვიდე ღმერთთან?
– ჯერ ვერ წავალ… ჯერ ღმერთს აქ ვჭირდებით… რომ შევძლოთ ის გავაკეთოთ, ვეცადოთ მაინც, ყოველ შემთხვევაში, რასაც გვავალებს, რასაც გვთხოვს… მერე, როცა დრო მოვა, თვითონ წაგვიყვანს… არადა ისე მინდა თავი შევაფარო… ვიცი, აქ დედამიწაზე არსად არის უსაფრთხო ადგილი. ღმერთთან მინდა… მინდა შემიკედლოს… ღმერთო, შემიფარე… აქ, ამქვეყნად, მე არ მაქვს თავშესაფარი, არ მაქვს ჩემი ადგილი… ჩემი მოქალაქეობა ზეცაშია… შენთან მეგულება სახლი… მეგულება სავანე, რომელსაც მიმზადებ…
– ცუდად ხარ?
– ჰო… თუმცა რაც არ უნდა ცუდად ვიყო, სასოწარკვეთა არასოდეს მიპყრობს, რადგან ვიცი, რომ იმედი მაქვს… რადგან ღმერთმა ბედნიერება მაჩუქა…
– ბედნიერი ხარ?
– ჰო…
– არ გეტყობა…
– ალბათ ფიქრობ, რომ ბედნიერ ადამიანს მუდამ უნდა უხაროდეს და გაღიმებული დადიოდეს, სულ მხიარული უნდა იყოს, არა? მეც ასე ვფიქრობდი… მერე მივხვდი, აუცილებელი არაა, სულ ხუმრობდე და იცინოდე, რომ ბედნიერი იყო… შეიძლება მოწყენილიც იყო, ცრემლებიც მოგდიოდეს, მაგრამ ბედნიერი იყო, რადგან ღმერთმა სიცოცხლე გაჩუქა… ოჯახი… შვილი… ის მოგცა, რაც ყველაზე ძვირფასია. საუკეთესო და უძვირფასესი გამოგაცდევინა… ბედნიერება და ღვთიური სიხარული არ ყვირის… მშვიდად ხარობს, თუნდაც ცრემლების დროს…
– უცნაური ხარ…
– ჰო… მე ქრისტიანი ვარ…

Loading...