წერილი ღმერთს

0 6

ძვირფასო ღმერთო,

ვერ იქნა და ვერ ისწავლა ადამიანმა ფეხაუცდენლად სიარული.

აცდენილ ნაბიჯებს ძლიერი გუგუნის ხმა აქვს. მაპატიე, ხანდახან ვახშობ ხოლმე ამ ხმას მაშინ, სუნთქვის შეკვრას რომ ვეღარ ვუძლებ.

პირველი გამაყრუებელი გუგუნის ხმა მაშინ ვიგრძენი, როდესაც მივხვდი, რომ ადამიანთა უმეტესობას მხოლოდ მაშინ უყვართ, როცა სჭირდებათ. შემეშინდა, სიყვარული არ ყოფილიყო ადამიანივით პატარა.

წლებთან ერთად გუგუნს პატივმოყვარეობისა და გაუმაძღრობის სუნიც მოჰყვა. ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთელი სხეული გტკივა, გემტვრევა, ნაწილებად იშლები და ვეღარასდროს იქნები მთლიანი… შენ ყველაზე უკეთ იცი უარყოფით გამოწვეული სევდის გემო.

მიუხედავად ამისა, მე კვლავ მწამს, რომ ყველა ადამიანმა უნდა ეძიოს თავისი წილი ღვთისმოსაობა და სხვა ადამიანებს აჩუქოს ის, რასაც ისინი არ ეძებენ, მაგრამ სჭირდებათ.

ვუყურებ ალეპოში მიმდინარე მოვლენებს და ვხედავ შენს უზარმაზარ ცრემლებს, მძიმეს, მართალსა და გამჭვირვალეს. ნუთუ ასეთი გულნამცეცა ჰგონიათ ადამიანებს, ჩემო ღმერთო, შენი სიღრმე, რომელიც არავის უნახავს და სამკვიდრებელი, რომელმაც უნდა მიგვიღოს?

სირიაში პაწაწინა არსებები, რომელთა თვალებშიც სულ ცოტა ხნის წინ თვალისმომჭრელად ელავდა პოლარულ ვარსკვლავთა ნათება, შორეული თეთრი მთების სევდამ მოიცვა… ადამიანები კვლავ აგრძელებენ სუნთქვას უსიყვარულოდ… მე კი გამოგიტყდები, რომ ყოველდღიური ცხოვრებისას, როცა მეცინება რაღაცაზე, მრცხვენია, რადგან ალეპოა სადღაც!

მე ვნახე მამა, რომელსაც წინ ორი პატარა გოგონა ესვენა, თოჯინების მსგავსი, თვითონ კი არარსებული მიმართულებით არარსებული წერტილისკენ იყურებოდა. მე ვიცი, რომ შენც ისევე შეამჩნიე ეს, როგორც მე და ეს ორმაგად მტკივნეული იყო.

მე ვიცი, ღმერთო, ეს ადამიანები, რომლებიც ახლა თავისი ქედმაღლობით ბორკილებში მოქცევას გიპირებენ, ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ შენი ძალის, მაინც შენთან მოვლენ, როდესაც სიყვარული არ ეყოფათ. ზოგ მათგანს სიყვარულის ძიება სიცოცხლეშივე მოიყვანს, სინანულით გაჟღენთილთ, ზოგს კი თავად სიკვდილი.

მანამდე კი მიდიან ადამიანები − ფიტულები არსაითკენ და უკან შიშის ნაბიჯებს ტოვებენ… შიშის − მიზანმიუღწევლობის, არასრულფასოვნების… ამ ნაბიჯებში სისხლია ჩაგუბებული და მათ დატოვებულ შიშს თავად ეშინია თავის თავში ჩაღვრილი ბლანტი სითხის.

მიდიან ადამიანები არსაითკენ და მიაქვთ სხვა ადამიანების აღარარსებული, დაუთვლელი ცხოვრების კადრები. ადამიანები, რომლებმაც დაუცველ არსებებში გათხარეს სანგრები.

ვერ იქნა და ვერ ისწავლა ადამიანმა სიყვარული, ღმერთო!

Loading...