წუთისოფლის მარილი

Salt Shaker Spilling Salt on Reflective Black Background
0 23

„თქვენ ხართ მარილი მიწისა და თუ მარილი გამტკნარდა, რიღათი დამარილდეს? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად…“ (მათ. 5:13)

იესო ქრისტე, დედამიწაზე ყოფნის დღეებში, ადამიანებთან საუბრისა თუ ქადაგების დროს ხშირად მიმართავდა  ალეგორიული ხასიათის იგავებსა და შედარებებს. სახარებისეული  იგავები თუ ალეგორიული გამონათქვამები თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ადამიანის ბუნებას, მის ხასიათს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. მესამე პირზე საუბრისას ადამიანი უკეთ ხედავს საკუთარ თავს, ვიდრე პირდაპირი შეგონებისა თუ მხილების დროს, თუმცა ახლა ამ საინტერესო ჟანრის ფართო სპექტრით განხილვას არ ვაპირებ. ჩემი ყურადღების საგანი კონკრეტული სიმბოლო – მარილია, რომელსაც იესო უფლის ხალხის, მისი მიმდევრების მისამართით იყენებს. რატომ მარილი?!… ცხადია, მსგავსება საგნის თვისებებსა და ადამიანის ბუნების ხასიათში მდგომარეობს.

მარილი ადრეულ ეპოქაში ძვირად ფასობდა, იყო დრო როცა იგი ფულის მაგივრობასაც სწევდა. ძველი ბერძნები მონებს მარილზე ყიდდნენ. აფრიკის ზოგიერთ ტომში კი ქვამარილის ფილები ფულის ერთეულს წარმოადგენდა.  ამრიგად, ადამიანის დახასიათებისას სიტყვა „მარილის“ გამოყენება ერთგვარად   ძვირფასს, დასაფასებელს გულისხმობს. ამაზე მიუთითებს ბერძნული გამოთქმა: „მარილის ფასადაც კი არ ღირს..“ და ქართულ ენაში დამკვიდრებული მიმართვა „მარილიანი ადამიანიაო“, რომელიც ადამიანის კარგ თვისებებს უსვამს ხაზს.

აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით მეგობრები, რომლებიც შეთანხმებას დებდნენ, ერთად ჭამდნენ და შეთანხმების ნიშნად საჭმელს ზემოდან მარილს აყრიდნენ. ძველ რომშიც სტუმარს მარილს მიართმევდნენ ხოლმე მეგობრობის ნიშნად. ასევე ზოგიერთ ქვეყანაში ერთგულების ფიცს მარილზე დებდნენ, რადგან მარილი არ ფუჭდება და არასდროს ქრება –  ის დიდი ოდენობით იხსნება წყალში, მაგრამ წყლის აორთქლების შემდეგ კვლავ კრისტალებად იქცევა. სწორედ ამიტომ, მარილი სტაბილურობისა და მუდმივობის სიმბოლოა. ბიბლიაში ვხვდებით „მარილის აღთქმას“, რიცხ. 18:19: „მთელი წმინდა ღალა, რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს, შენთვის, შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია, სამარადისო წესით. ეს არის აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვის და შენი შთამომავლობისთვის…“  ზუსტად რას გულისხმობდა „მარილის აღთქმა” დაბეჯითებით თქმა ძნელია, თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე მუდმივობას, საიმედოობას, სიმყარეს და ურთიერთშეთანხმებას გულისხმობდა.

მაშინ, როდესაც სიტყვა „მარილი“ გვესმის, პირველი, რაც აზრად მოგვდის, მისი გემოვნებითი თვისებაა, როგორც ვიცით მას კერძს ბოლოს უმატებენ და რომ არა ეს ბუნებრივი კონსერვანტი, საკვები დაუსრულებელი და უგემური იქნება. მარილი გემოს სძენს საჭმელს. აკი იობიც ამბობს „თუ ჭამენ უგემურს? უმარილოს?…“ (იობ. 6:6)

ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები, რომლებიც, ვფიქრობ, მათეს 5:13-ში იგულისხმა იესომ, სიწმინდე, უხრწნელება და წყურვილის შეგრძების წარმოშობაა. მარილი რომ სიწმინდის სიმბოლოა, ეზეკიელ წინასწარმეტყველის 43-ე თავის 24-ე მუხლშიც ჩანს: „მიიყვანე უფლის წინაშე  და დააფრქვიონ მათ მღვდლებმა მარილი, და აღსავლენად აღუვლინონ უფალს.“ 

ასევე, მე-4 მეფეთა წიგნის მე-2 თავის 21-ე მუხლში ვკითხულობთ: „ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, თქვა: ასე ამბობს უფალი: ‘განმიკურნავს ეს წყალი. ამიერიდან ნუღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა…’“ ებრაული ტრადიციის მიხედვით ახალშობილს მარილს აყრიდნენ განწმენდის ნიშნად (ეზეკ. 16:4 – „შენი დაბადებისას, იმ დღეს, როცა დაიბადე, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის და წყალში არ განბანილხარ, რომ განწმენდილიყავი, მარილით არ გახეხილხართ და  ჩვრებში არ გახვეულხარ…“). მარილი ბუნებრივი კონსერვანტია, რომელიც უზრუნველყოფს სხვა პროდუქტის შენახვას და ხრწნისგან დაცვას, სწორედ უხრწნელობის ნიშნად ამარილებდნენ ძღვენს ებრაელები. ლევიან. 2:13: „ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დატოვო საძღვნო შენი ღვთის მარილის გარეშე. ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი.“

და ბოლოს, მარილი აწყურებს! და თუ მარილი ქრისტიანების სიმბოლოა, მაშინ ისინიც უნდა ბადებდნენ წყურვილის განცდას საზოგადოებაში. ცხოვრობდნენ და მოქმედებდნენ ისე, რომ მიუთითებდნენ ღმერთის დიდებაზე. ქრისტიანები, რომელთა რწმენაც მათ ცხოვრებაში ჰპოვებს ასახვას, აუცილებლად დაბადებენ კითხვებს ხალხში, მათი ცხოვრების წესის შესახებ.

იესოს ამაღლების შემდეგ საქმე მოციქულთა წიგნში ჩვენ ვხედავთ მოციქულების პირველ ქადაგებებს. საინტერესოა, რომ პირველი მახარებლობა არაა დაგეგმილი, არამედ სპონტანურია, სულიწმიდის ნიჭით სხვადასხვა ენაზე ალაპარაკებული მოწაფეების ხილვაზე ხალხი ამბობდა: „იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს. უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რას მოასწავებს ეს?“ სწორედ ამ შეკითხვას მოჰყვა პეტრეს პირველი ქადაგება, რომლის შედეგადაც იმ დღეს 3000 სული შეემატა ეკლესიას. პეტრეს მეორე ქადაგებაც ხალხის გაოცებით და დაინტერესებით იყო გამოწვეული, რაც დავრდომილი ადამიანის განკურნებას მოჰყვა. უამრავი მსგავსი მაგალითის დასახელება შეიძლება, როდესაც ქრისტიანები აღძრავდნენ ადამიანებში წყურვილსა და დაინტერესებას.

იესოს სიტყვები იგივე რჩება უკუნისამდე, რადგან გუშინ, დღეს და სამუდამოდ იგივეა, ის დღესაც გვეკითხება თითოეულ ჩვენგანს: „…თუ მარილი განქარდა რიღათი დამარილდეს?…“ თუ დღეს ჩვენი რწმენა მხოლოდ სიტყვებად დარჩება; თუ ჩვენი თანაგრძნობა თავის გადაქნევასა და შეწუხებულ მზერას არ გასცდება; თუ  მოყვასის სიყვარული ვალდებულებად, ხოლო მტრისა – მითად გადაიქცევა; თუ შუამდგომლობით ლოცვას სათხოვრებისთვის ლოცვები გადაფარავს; თუ იგივენი ვიქნებით, როგორნიც ვიყავით გუშინ… არავის მოსწყურდება!

„თქვენ ხართ მიწის მარილი!..“ დღესაც იგივეა ჩვენი უფალი, დღესაც გაისმის ჩვენი მისამართით მისი სიტყვები. ჩვენ ვართ დედამიწის „უხრწნელების“ მიზეზი. მსოფლიო სავსეა ყველაფრით, და მაინც, არის სიცარიელე, რომელსაც უღმერთობა ჰქვია… ხშირად, ჩვენ ვცდილობთ ვუქადაგოთ ადამიანებს და მოვანანიებინოთ, თუმცა სანამ ვინმეს ეტყვი, რომ გადარჩენა სჭირდება, ჯერ უნდა ის გააგებინო, რომ დაღუპვის გზაზე დგას. საუკეთესო ახსნა კი კონტრასტია ქრისტიანსა და არაქრისტიანს შორის და სამწუხაროა, რომ ეს კონტრასტი ხშირად მეტისმეტად გაცრეცილია. სიტყვებს ყველა იტყვის, მაგრამ ღმერთის სიტყვა სიტყვებზე მეტია! ეს ცხოვრების წესია! უფალს სურს გვიხილოს არა მხოლოდ მომსმენნი, არამედ მისი მცნებების შემსრულებელნი…. დღეს ყველაფერია მსოფლიოში და მაინც, არის სიცარიელე, რომელსაც უქრისტეობა ჰქვია….

დაე, მოსწყურდეს… მთელ ქმნილებას მოსწყურდეს!

Loading...