„17 მაისთან დაკავშირებით“

0 212

მოვიდა 17 მაისი და აჭრელდა ინტერნეტსივრცე ახალი ამბებით. საზოგადოების ნაწილი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს, ნაწილი კი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს.

პირადად ჩემთვის, ყოველი დღე ოჯახის სიწმინდის დღეა ისევე, როგორც არასოდეს იქნება 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, რადგან ნათელია, სხვა რამ იმალება ამ ყველაფრის უკან.

დავიწყოთ იქიდან, რომ ისმის კითხვა, თუ რატომ დევნიან ჰომოსექსუალებს უფრო მეტად, ვიდრე სხვა ცოდვების ჩამდენთ? რატომ არ დევნიან ლოთებს, მრუშებს, მოღალატე ქმრებს და ცოლებს, ქურდებს, ამპარტავნებს, მატყუარებს და ა. შ.  ცოდვა ხომ ცოდვაა, მიუხედავად მისი გამოხატულებისა?!

ძალიან ხშირადაა დაშვებული ეს შეცდომა ქრისტიანების მხრიდან. იმ ცოდვებს ჩავდივართ თამამად, რომელსაც ჩვენი მენტალიტეტი არ დევნის, ხოლო როგორც კი რაიმე არატრადიციულს გადავაწყდებით, მაშინვე გავშმაგდებით ხოლმე – ეს კი არასწორი გაგებაა და არ შეესაბამება ქრისტეს სიყვარულის გამოვლინებას.

თუმცა ხშირად, ამ ყველაფრის პროვოცირება ხდება თავად LGBT თემის წარმომადგენელთა მხრიდან, რადგან ისინი ერთი რამით განსხვავდებიან იმ ცოდვილთა ჩამონათვალისგან, რომელიც ზემოთ აღვნიშნე. მათ სურთ, ქრისტიანულ საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ჰომოსექსუალური კავშირი არის ნორმა ღვთის წინაშე (რომ ისინი იმსახურებენ ჯვრისწერას; სურთ, რომ აღიარონ ქრისტიანულ ოჯახად მამაკაცთა ქორწინება და მისცენ მათ უფლება ბავშვების აყვანისა და აღზრდისა, როგორც დედას და მამას). სწორედ ეს არის მიზეზი იმ აგრესიისა და მიზანმიმართული ბრძოლისა, რასაც დღეს ვხედავთ. ეკლესიას, რა თქმა უნდა, ღია უნდა ჰქონდეს კარი მათთვის, ისევე, როგორც მრუშებისთვის აქვს ღია, მაგრამ არც ერთი მათგანისთვის იმ კუთხით არა, თითქოს მათი ცხოვრების წესს ღმერთი იწონებდეს. ტოლერანტობა გულგრილობაში არ უნდა გადაგვეზარდოს.

ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ამპარტავანი, თვითმარქვია ქრისტიანების გადამეტებული აგრესია და უკანონო ბრძოლა, რომელიც ძალადობაში იზრდება ხოლმე. ეს ძალადობრივი მეთოდები აუცილებლად უნდა შეიცვალოს ქრისტიანული და ინტელექტუალური ფორმებით, რასაც გაცილებით მეტი ძალა აქვს, ვიდრე აგრესიას. სხვა შემთხვევაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველა ადამიანმა, ვისი მხრიდანაც ჩაგვრა ხორციელდება. დაუშვებელია რელიგიის სახელით ომი და დევნა მისი, ვისზე უკეთესიც გგონია თავი. ქრისტეს რწმენა არასოდეს იქნება ომისა და შუღლის წამახალისებელი, ისევე, როგორც ცოდვასთან შემგუებელი.

ასევე არ მომწონს, როგორ გაყვირიან, რომ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, იმ ნიშნით, ვიმეორებ, იმ ნიშნით, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა გასწიონ. მინდა შეგახსენოთ, რომ ქრისტიანობა მხოლოდ სიყვარულის რელიგია არ არის და ეს არ ეხება მხოლოდ ჰომოსექსუალურ ცოდვებს. ქრისტიანობა აგრეთვე არის სიწმინდის და განკითხვის (ზეციური სამსჯავროს) რელიგია, როდესაც ყველა ადამიანი წარდგება შემოქმედის წინაშე და პასუხს აგებს, ზოგი გარყვნილებისთვის, მისი ნორმად მიჩნევისთვის და ზოგიც – მათ მიმართ სასამართლოს საკუთარ თავზე აღებისთვის და ძალადობისთვის. მანამდე კი უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი რამ არის ყველასთვის უცვლელი – უფლის სიყვარული თავისი ქმნილებისადმი და მისი დამოკიდებულება ცოდვისადმი.

იხილეთ ამ თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიები:

ერთი რამ არის ყველასთვის თანაბარი – უფლის სიყვარული ჩვენდამი და მისი დამოკიდებულება ცოდვისადმი

LGBT – გაუკუღმართებული გრძნობები…

მედროვე ადამიანთა ქმედებები…

Loading...